“საქართველოს გამოწვევები უახლოესი წლების განმავლობაში იქნება სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება და განათლება, რაზეც ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა აქტიურად უნდა იმუშაოს”

“ჩვენი ქვეყნის გამოწვევები უახლოესი წლების განმავლობაში იქნება სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება და განათლება; ეს ის პრიორიტეტული მიმართულებებია, რომელზეც ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა აქტიურად უნდა იმუშაოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამუშაო ადგილების შექმნა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, ქვეყნის გარეთ არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

„უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ეკონომიკურ განზომილებას. ჩვენი ქვეყნის გამოწვევები უახლოესი წლების განმავლობაში იქნება სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება და განათლება. უნდა გვესმოდეს, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ასევე, ქვეყნის შიგნით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელზეც კონცენტრირებულად უნდა მუშაობდეს სრულიად დიპლომატიური კორპუსი. ეს ის ამოცანებია და მიზნებია, რომლის გადალახვის გარეშე ქვეყნის შემდგომი განვითარება ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს შესწევს უნარი და მზად არის უაღრესად მნიშვნელოვანი, წარმატებული ფუნქცია შეასრულოს ამ გამოწვევების გადალახვაში,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

„ჩვენთვის პრიორიტეტია ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს გაფორმებულია ჩვენს კონსტიტუციაში და ამას ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს. რა თქმა უნდა, ჩვენ მიზანმიმართულად გავაგრძელებთ სვლას ამ მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ და აუცილებლად მჭიდრო კავშირი გვექნება ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობასთან. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები არის საქართველოს უმთავრესი პარტნიორი. დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი დონის ურთიერთობა, არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, დაწყებული ეკონომიკური, პოლიტიკური განზომილებით, უსაფრთხოების განზომილებით – ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ეს ქვეყანა ყოველთვის იქნება მზად, შეასრულოს თავისი როლი ამ რეგიონში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ რას ნიშნავს ეს შავი ზღვის კონტექსტში და რამდენად აქტუალურია დღეს ის გამოწვევები, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი შავ ზღვაზე ხედავს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყურადღება უნდა გამახვილდეს დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოსთან თანამშრომლობაზე.

„ეს არის ის მიმართულება, სადაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული პერსპექტივა, რომელზეც უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა. მოგეხსენებათ, რომ პირველი ვიზიტები სწორედ ამ მიმართულებით განხორციელდა და ამას ჰქონდა აბსოლუტურად გააზრებული მიზანი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და საბოლოო მიზანი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ღირსეული დაბრუნება სამშობლოში. საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, წარმატებული ნაწილი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი წარმატებულად დაბრუნდეს და ემსახუროს თავის ქვეყანას”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები