კანადაში ქართველმა ემიგრანტებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს
ტორონტოში მცხოვრებმა ქართველებმა, რუსეთის საკონსულოსთან საპროტესტო აქცია გამართეს და ცხინვალის არალეგიტიმური რეჟიმის მიერ, უკანონოდ დაპატიმრებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათ ასევე მხარი დაუჭირეს თბილისიდან ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმართულებით გამართულ მშვიდობიან მსვლელობას.
“ჩვენ, ტორონტოში მცხოვრები ქართველები, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე რუსულ მხარეს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონოდ დაპატიმრებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ღირსეული მოქალაქე, მაღალი დონის პროფესიონალი და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება. ამას მოითხოვს სამართლიანობა, მისი ოჯახი და უამრავი პაციენტი, რომლებსაც ასე სჭირდებათ მისი ზრუნვა და ყურადღება”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტია, რაც ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. მას ე.წ “სახელმწიფო საზღვრის” უკანონო გადაკვეთას ედავებიან, რასაც ექიმი არ აღიარებს. იგი აცხადებს, რომ პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და არანაირი საზღვარი არ დაურღვევია.
საქართველოს მთავრობისა და ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გატარებულ ღონისძიებებს დღემდე შედეგი არ მოჰყოლია. ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.