დაპირისპირება პარლამენტში – ბოკუჩავას და რატიანს ბიუროს სხდომა დაატოვებინეს(ვიდეო)

ოპოზიციონერ დეპუტატებს თინა ბოკუჩავას და სერგო რატიანს ბიუროს სხდომა დაატოვებინეს.

სხდომაზე დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების მონახულება მოითხოვეს. მათი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ამ უფლებას უზღუდავთ.

“ახლა აგიხსნით, დამნაშავე ვინ არის. ორ წამში აგიხსნით. დავიწყოთ ახლა იმით, რომ პირველ რიგში, თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც თან ბოიკოტის წერილებს წერთ, თან პარლამენტში ბიუროს სხდომას ესწრებით. ჩამოყალიბდით. არ ესწრებიან, მეგობრებო, ბიუროს სხდომას არ ესწრებიან. პასუხი მოისმინეთ და ეპატაჟი დაასრულეთ. ადგილზე დაბრძანდით, თითს ნუ მიქნევ. დაჯექი თავის ადგილას. გაიყვანეთ აქედან, თუ შეიძლება, ქალბატონი ბოკუჩავა. ეპატაჟი დაასრულე და დამელოდე. მაშინ მიბრძანდი სხდომიდან. კითხვაზე გინდათ პასუხი? დაჯექი და აგიხსნი, დაბრძანდი, ვერავის შეაშინებ ფეხზე წამოდგომით. დაბრძანდით თქვენს ადგილზე და ღვედები შეიკარით. დაბრძანდით თქვენს ადგილას. სავარძელში დაბრძანდით და ღვედები შეიკარით, გირჩევთ“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ თინა ბოკუჩავას.

პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია თან ბოიკოტის რეჟიმშია და თან ბიუროს სხდომებს ესწრება.

თალაკვაძის ამ განცხადებამ თინა ბოკუჩავას გაღიზიანება გამოიწვია და არჩილ თალაკვაძეს ფურცლები დაუხია. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატებს ბიუროს სხდომის დატოვებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, ბოლოს კი დეპუტატებს ბიურო მანდატურმა დაატოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები