ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება, ჩვენ არ შევეგუებით მის უკანონო ტყვეობას
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.
ციხელაშვილის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება.
“კიდევ ერთხელ, სოლიდარობა ბატონ ვაჟას, სოლიდარობა მის ოჯახს!!
ფაქტობრივად, მთელი ცივილიზებული მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა მათი და ყველა ჩვენგანის თანაზიარია იმ მოთხოვნასა და უპრეცედენტო ძალისხმევაში, რაც მის გათავისუფლებას უკავშირდება.
საოკუპაციო რეჟიმი მისი უკანონო ტყვეობით და გათავისუფლების გაჭიანურებით საკუთარ სახეს მთელი სისრულით აჩვენებს! ამით კი მის და ყველა ჩვენგანის გამძლეობას ცდის, ისევე როგორც ყველა იმ უკანონო ზომით რითაც ასობით ადამიანს ყოველდღიურ პრობლემას უქმნის, როგორც დღეს ფაქტობრივად დატყვევებულ მთელს ახალგორის რაიონს.
არავინ აპირებს ოკუპაციასთან შეგუებას. არც ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობასთან. დღეს ვალდებული ვართ მისი გათავისუფლების ინტერესით ვიხელმძღვანელოთ. ახლა ეს არის უპირატესი ამოცანა.
დაუშვებელია ამ საკითხის პოლიტიზირება და ამით მანიპულირება, მათ შორის, თავად ოჯახის ნებისა და საერთოდ, საღი აზრისა და ელემენტარული ადამიანური პრინციპების საპირისპიროდ. ამ პრინციპსა და ოჯახის ამ სამართლიან სურვილს პატივი უნდა ვცეთ, რა თქმა უნდა.
მისი გათავისუფლებისთვის მაქსიმალური ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება, ვიდრე ის ოჯახს არ დაუბრუნდება”, – წერს ციხელაშვილი.
ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.
ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.