ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: ყველას გთხოვთ, ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ფრთხილი განცხადებები გავაკეთოთ

ყველა ადამიანს, უპარტიოსა თუ პარტიის წარმომადგენელს, გთხოვთ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილე გამოვიჩინოთ,- ამის შესახებ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყოველ სიტყვას დაფიქრება სჭირდება.

“მინდა, მოგმართოთ, ყოველი სიტყვა და ფრაზა, რომელსაც ვამბობთ, რომლითაც გამოვხატავთ მის მხარდაჭერას გინდა აქ, გინდა თბილისში, ინტერვიუებში, ან ჩვენს გამონათქვამებში, ყოველი სიტყვა არის დასაფიქრებელი, რადგან ნებისმიერი შეიძლება, მის საზიანოდ მოტრიალდეს. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ყველა უპარტიოს, პარტიულს, ყველა წარმომადგენელს, გთხოვთ, გაიზიაროთ ეს ჩვენი თხოვნა და ფრთხილი განცხადებები გავაკეთოთ, სანამ ვაჟა გაფრინდაშვილი დაგვიბრუნდება და ისედაც, შემდეგაც, ჩვენი შერიგებისა და ერთად ყოფნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აქცია არის ჰუმანური, არაპოლიტიკური და არაძალადობრივი“ ,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე დილიდან შეიკრიბნენ და საოკუპაციო ხაზისკენ მსვლელობით გაემართნენ.

აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრების გარდა, ექიმის კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები