ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ ოს ხალხს მიმართა: მჯერა, გაუგებრობები და პრობლემები, რაც ჩვენს ურთიერთობაში გვქონდა, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით ისევ მოგვარდება
საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში, სადაც ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს, ექიმის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა განცხადება გააკეთა და ექიმის მხარდამჭერებს, გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, მხარდაჭერა, რომელსაც მოქალაქეებისგან გრძნობენ, ოჯახს და თავად ვაჟა გაფრინდაშვილს აძლიერებს.
“მეგობრებო, გულშემატკივრებს და უბრალოდ იმ ადამიანებს მინდა, მოგმართოთ, ვინც იზიარებთ ვაჟას გამონათქვამებს, ვაჟას პრინციპებს, უღრმესი მადლობა ყველას, რომ გვერდში დაგვიდექით, გაიზიარეთ ჩვენი ეს პრობლემა, ჩვენ ასე ვთვლით, თორემ მე მგონი, ვაჟა იქ არ თვლის ამას პრობლემად. ძალიან დიდი მადლობა ყველას, რომ ამ შორ მანძილზე წამოგვყევით. მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობთ, ჩვენს ოჯახს, მეგობრებს და პირველ რიგში ვაჟას, ძალიან აძლიერებს. დარწმუნებული ვარ, ის ალბათ გრძნობს ჩვენს ენერგეტიკას. ყველაზე ახლოს ვართ ჩვენ ახლა მის, ასე ვთქვათ, საპატიმრო დაწესებულებასთან. პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ აქედან გავაგონებთ ჩვენს ამ გულისტკივილს და დარწმუნებული ვარ, რომ ის მხნედ იქნება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მალე დაგვიბრუნდეს და იყოს ჯანმრთელად“ ,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
ამასთან, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ სოფელ ოძისიდან ოს ხალხს მიმართა.
“ყველაზე უმნიშვნელოვანესი, მინდა, მივმართო ჩვენს გვერდით მცხოვრებ ოს ხალხს. საუკუნეებია, ჩვენ ვცხოვრობთ კავკასიაში, ერთი ცის ქვეშ და დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი საუკუნე ისევ ასე გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის პრინციპებს. მინდა და მჯერა, ის გაუგებრობები და პრობლემები, რაც გვქონდა ჩვენს ურთიერთობაში, ისევ მოგვარდება ამ პრინციპების, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით. მინდა, მივმართო, რომ ვაჟა რასაც ემსახურება, ეს არის პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი დაცვა. ვინც მას იცნობს, მას მთელი ცხოვრების განმავლობაში მეტი არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ დახმარება და იციან, როგორი დახმარება, გვერდში დგომა იცის მან, მით უმეტეს პაციენტებზე ზრუნვა. ამიტომ, სრულიად წარმოუდგენელია, რომ ის ამ თავისი საქციელის გამო, ზის გამოკეტილი და ვიცით ჩვენ, რა საშინელ პირობებში. შეიძლება, პირობები ნორმალური აქვს, მაგრამ ის, რომ იმყოფება თავის სამშობლოში და ციხეში, თავისი ჰუმანური მისიის გამო, ეს გვანადგურებს ჩვენ, მის ოჯახის წევრებს და ახლობლებს“ ,- განმარტა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.
საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრების გარდა, ექიმის კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.
საოკუპაციო ხაზთან, ცაში ჰელიუმის ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი გაუშვეს.
ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.
ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.