თეა წულუკიანი: ყველა ევროპელი ვალდებულია, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტის გადაწყვეტილებას პატივი სცეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის გარშემო უცხოელი პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩია და ყველა ევროპელი ვალდებულია, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტის გადაწყვეტილებას პატივი სცეს.
მინისტრის თქმით, ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაშიც კი არ არსებობს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეების ასარჩევად ისეთი გამჭვირვალე წესები, როგორიც დღეს საქართველოშია.
“სხვადასხვა განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული გვარები და სახელები არ არის მოსაწონი მათი მხრიდან, მაგრამ მინდა, მათ შევახსენო, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული ქვეყანა; ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაშიც კი არ არსებობს ამგვარი გამჭვირვალე წესები უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეების ასარჩევად. ამიტომ, მათ პირიქით რჩევას მივცემდი, ჩვენი კანონები გაიზიარონ და თავისი უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეები სწორედ ღია, ლაივში ჩატარებული ინტერვიუების შედეგად შეარჩიონ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, საქართველოს პარლამენტმა აირჩია ეს ადამიანები და ყველა ევროპელი ვალდებულია, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტის გადაწყვეტილებას სცეს პატივი“, – განაცხადა წულუკიანმა.