ფიზიკური პირების მიერ სურსათის ორგანიზებულად წარმოება-რეალიზაციის კონტროლის შესახებ პროექტის განხილვა მიმდინარეობს

„სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის” დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი სურსათის ეროვნულ სააგენტოში განიხილეს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სეს-ის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტის საჯარო განხილვა სამუშაო ფორმატში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთან აქტიურად მიმდინარეობს.
“პროექტის მიხედვით, 2020 წლის პირველი იანვრიდან არარეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომლებიც ორგანიზებულად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას, სახელმწიფო კონტროლს  დაექვემდებარებიან. სახელმწიფო კონტროლი არ გავრცელდება ოჯახური წარმოების იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას მცირე რაოდენობით ახორციელებენ. პროექტის თანახმად, ასეთ ფიზიკურ პირებს არაორგანიზებული წარმოების სუბიექტის სტატუსი მიენიჭებათ, რომლის კრიტერიუმებიც დადგენილების პროექტით არის განსაზღვრული.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს ბაზარზე არსებული სურსათის მაქსიმალურად გაკონტროლებას, საეჭვო და გაურკვეველი წარმომავლობის სურსათისგან სამომხმარებლო ბაზრისა და, შესაბამისად, მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას, შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას და კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას”,-ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები