ლევან დავითაშვილი: მიმდინარე წლის ბოლო თვეებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა

ბოლო წლების განმავლობაში, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მუდმივად მზარდია. 2019 წლის ბოლო თვეებში კი, განსაკუთრებული მატება ფიქსირდება, რაც დიდწილად თხილის ექსპორტის ზრდას უკავშირდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში, ყოველთვიურად, დაახლოებით 11-12 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა.

“წლების განმავლობაში, თხილი იყო წამყვანი კულტურა აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში, თუმცა, ბოლო წლებში, მავნებლებმა და დაავადებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თხილის ხარისხსა და რაოდენობაზე, რამაც დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. სახელმწიფოს მიერ ჩატარებული უპრეცედენტო კამპანიის შედეგად, წელს ჩვენ მივიღეთ მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი, რაც უკვე მონაცემებშიც აისახა. თხილის სეზონი აგვისტოდან აგვისტომდე ითვლება და უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბრიდან ექსპორტის მონაცემები ძალიან მზარდია. სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში, ყოველთვიურად, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 11-12 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი. დღეისათვის, ჯამურად, შარშანდელ მონაცემზე მეტი არ არის, თუმცა წლის ბოლოსთვის, თხილის ექსპორტი 2018 წლის მონაცემებს ნამდვილად გადააჭარბებს. აგრონომიული წლის ფარგლებში, ჩვენ ველოდებით, რომ მხოლოდ თხილში, დაახლოებით 100 მლნ დოლარამდე ექსპორტი გვექნება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თხილი არ არის ერთადერთი კულტურა, რომლის ექსპორტიც გაზრდილია. წელს, მეხილეობის ყველა მიმართულებაში გვქონდა მნიშვნელოვანი ზრდა. სწორედ ეს არის ჩვენი სამინისტროს სტრატეგია და გეგმაც, რომ მომდევნო წლებში, იმ პროგრამების შედეგად, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, მეხილეობის დარგი აღორძინდეს და განვითარდეს. ახალი ბაღების გაშენებისა და არსებულის რეაბილიტაციის შედეგად, ყოველ წელს, ჩვენ ხილის ექსპორტის მზარდი მონაცემები უნდა გვქონდეს,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ციტრუსის სეზონის წარმატებულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მანდარინის ექსპორტი, უკვე აჭარბებს გასული წლის მონაცემებს.

“2019 წელს, ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული ატმის სეზონი. ასევე წარმატებით მიმდინარეობს ციტრუსოვანი კულტურების სეზონიც. უნდა აღინიშნოს, რომ მანდარინის ექსპორტი, უკვე აჭარბებს გასული წლის მონაცემებს. დღეისათვის, უკვე ექსპორტირებულია 15 000 ტონაზე მეტი. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს დასავლეთ საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურის, ხურმის ექსპორტის კუთხით. უკვე ექსპორტირებულია 7 300 ტონაზე მეტი ხურმის კულტურა. წინა წელთან შედარებით, საექსპორტო მონაცემები თანხაში ფაქტობრივად, 100 % – ით არის გაზრდილი.

მეხილეობის მიმართულებით გაზრდილი საექსპორტო მაჩვენებლების გარდა, მნიშვნელოვნად მზარდია ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის – ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კუთხით რეკორდული მონაცემები გვაქვს. დღეისათვის, უკვე ექსპორტირებულია 85 მლნ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო, რაც თანხაში 220 მლნ აშშ დოლარამდეა. უნდა აღინიშნოს, რომ წინა წელთან შედარებით, რაოდენობაში ზრდა 10%-ს, ხოლო თანხაში 20%-ს შეადგენს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, ასეთი მიღწევები იმ სწორი აგრარული პოლიტიკის შედეგია, რომელსაც სახელმწიფო ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრულად ახორციელებს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები