ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგებს, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცეს.
“თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ. თქვენ გახსოვთ, ე.წ. კლანის სია, რომელიც შარშან დეკემბერში იყო წარმოდგენილი ამასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა იყო. მაშინ 10 კანდიდატი იყო წარმოდგენილი, თქვენ ნახეთ, რომ ამ 10 კანდიდატიდან მხოლოდ სამი დამტკიცდა დღეს. შესაბამისად ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება ყველა კუთხით დაბალანსებულია. არავითარ კლანებზე აქ არ არის საუბარი. ჩვენ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც წაადგება უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებელ და გამართულ ფუნქციონირებას”, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი და უვადო მოსამართლედ გაამწესა.