ხახულის გუმბათის შემკულობას ლექცია მიეძღვნება
11 დეკემბერს, 17 საათზე, თსუ I კორპუსის 203-ე აუდიტორიაში, ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ეკატერინე გედევანიშვილის ლექცია გაიმართება.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი წაიკითხავს ლექციას თემაზე – „ხახულის ღმრთისმშობლის ეკლესიის გუმბათის შემკულობა – ესქატოლოგია და ეროვნული კონტექსტი“.
ეკატერინე გედევანიშვილი:
„ჩემი მოხსენება ხახულის ღმრთისმშობლის ეკლესიის გუმბათის იკონოგრაფიულ პროგრამას ეძღვნება და მიზნად ისახავს აქ ასახული სიუჟეტური სცენების ახლებურ ინტერპრეტაციას.
ხახულში შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებისთვის ტრადიციული – „ჯვრის დიდების“ სცენაა ასახული, აქ ბიზანტიური გუმბათური შემკულობისთვის სრულებით უცხო „წმ. ელიას ამაღლებისა და წმ. ელისესათვის ხალენის გადაცემის“ კომპოზიციაც ჩნდება. ჯერ კიდევ გ. ჩუბინაშვილი აღნიშნავდა „ჯვრის დიდების“ თემისა და ქართლის მოქცევის ისტორიის განუყოფელ კავშირს და ამ სცენის პოპულარობას საქართველოში სწორედ ისტორიული ალუზიებით ხსნიდა – საქართველოს გაქრისტიანებისას წმ. მირიან მეფის მიერ ჯვრების აღმართვის ამბავი და მოგვიანებით მცხეთის თავზე გამოჩინებული ჯვრის სასწაული; მოვლენები, რომელიც ქართლის ეკლესიის მსოფლიო, კათოლიკე ეკლესიის კუთვნილებისა და ამავდროულად მისი „ეროვნული“ ისტორიის მოწმობადაა აღბეჭდილი.
ამ კავშირს კიდევ უფრო აძლიერებს „წმ. ელიას ამაღლების“ სცენა, რომელიც ესქატოლოგიურ შინაარსთან ერთად სრულებით კონკრეტულ სიმბოლურ საზრისსაც უნდა შეიცავდეს – აშკარაა, რომ ის საქართველოში უხილავად დაცული წმ. ელია წინასწარმეტყველის ხალენის მოგონებასაც გულისხმობს, რელიკვიისა, რომელიც უფლის კვართთან ერთად საქართველოს სულიერი დედაქალაქის „იერუსალემობის” უმთავრეს დასტურად ჩნდება.
ამგვარად, ხახულის იკონოგრაფიულ პროგრამაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისა და მცხეთის უშუალო „ტოპოგრაფიულ ალუზიაზეც“ შეიძლება ვიმსჯელოთ, რაც დავით კურაპალატის მიერ წარმოებულ სხვა საკულტო ნაგებობებშიც დასტურდება (მაგ., ოშკი, ოთხთა ეკლესია და სხვა). ეს დამოკიდებულება, ტრადიციულ საკრალურ ტოპოგრაფიასთან ერთად, როგორც ჩანს, პოლიტიკურ კონტექსტსაც შეიცავს – VIII საუკუნეში არაბ ამირებს განრიდებული ქართველი მეფეებისთვის „დედაქალაქთან“ – სულიერ და ისტორიულ ცენტრთან სიმბოლური კავშირი, ჯერ კიდევ დანაწევრებული საქართველოს მთლიანობის იდეასაც გამოხატავს“.