ლევან მგალობლიშვილი: აუცილებელია აგროსასურსათო ბალანსის გაუმჯობესება, რათა ქვეყანაში წარმოებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ მაქსიმალურად ჩაანაცვლოს იმპორტი
ქართული ციტრუსი კონკურენტუნარიანია და თანამედროვე, დადგენილი სტანდარტით არის ბაზარზე წარმოდგენილი. წელს ტრადიციულ ბაზრებს კიდევ 4 ქვეყანა – სლოვენია, სინგაპური, ლიეტუვა და ყატარი დაემატა, გაჩნდა ინტერესი ბელარუსის მხრიდანაც. დარწმუნებულები ვართ, ექსპორტის ეს მიმართულებები ეტაპობრივად მზარდი იქნება,- ამის შესახებ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის წევრმა ეკონომიკისა და სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის სოფლის მეურნეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია აგროსასურსათო ბალანსის გაუმჯობესება, რათა ქვეყანაში წარმოებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ მაქსიმალურად ჩაანაცვლოს იმპორტი, დააკმაყოფილოს შიდა მოთხოვნა და გავიდეს ექსპორტზე. დეპუტატმა კოლეგებსა და საზოგადოებას წლევანდელი მოსავლიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
“აბაშის რაიონში სიმინდის მოსავალმა წელს 28 ათას ტონას გადააჭარბა. არ ყოფილა დაბრკოლება არც დამუშავებისა და არც მოსავლის აღების პროცესში. სახელმწიფომ სრულად უზრუნველყო და აღჭურვა ადგილობრივი მოსახლეობა საჭირო ტექნიკით. აჭარის და გურიის მოსახლეობის შემოსავალი და მათი ეკონომიკური მდგომარეობა დიდწილად არის დამოკიდებული ციტრუსის მოსავალზე. წლევანდელი მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 55 ათას ტონამდეა, რაც არ არის მასშტაბური, თუმცა, თვითონ პროდუქტის ხარისხი არის გამორჩეული, ისევე, როგორც სიმინდის, რაც განაპირობებს მაღალ საბაზრო ფასს. სწორედ მაღალი ხარისხის მისაღწევად ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, რამაც მინიმუმამდე შეამცირა მავნებლის მიერ ციტრუსის კულტურის დაზიანება”,- განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მოსავლის დაბინავების ორგანიზებულად ჩატარებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, გადამამუშავებელი საწარმოები მზად არიან არასტანდარტული პროდუქციის მისაღებად. დეპუტატის ინფორმაციით, აჭარასა და გურიაში ციტრუსის მოსავლის დაბინავებაში აქტიურად არის ჩართული 25 კომპანია, რომელთა შორის 14 ექსპორტზე მუშაობს. მისივე თქმით, ხილის გადამუშავების მიმართულებით აჭარის და გურიის რეგიონებში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში 7 ახალი საწარმო ფუნქციონირებს, პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ საერთო ინვესტიცია 10 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და შექმნილია 155 ახალი სამუშაო ადგილი.