რას ნიშნავს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები – ლადო ბოჟაძის განმარტება
რას ნიშნავს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები და რითი იქნება განსხვავებული დღევანდელისგან? – ამ საკითხის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ ისაუბრა.
ბოჟაძის განმარტებით, ამომრჩევლისთვის ასეთი საარჩევნო სისტემის მიღება რთული არ იქნება.
მისივე თქმით, ახალი საარჩევნო სისტემისა და მოდელის მთელი ამოცანა არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს, 73-ვე მანდატის აღება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგა. დიალოგის ორ რაუნდს თავისი შედეგი მოჰყვა. რა არის ეს შედეგი: პირველ რიგში ის, რომ პოლიტიკური პარტიები დასხდნენ და საუბრობენ, მეორე ის, რომ უცხოელი პარტნიორების წინაშეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ე.წ. კლასიკური გერმანული მოდელი შეუთავსებელია ჩვენს კონსტიტუციასთან. თქვენ იცით, გუშინ პარლამენტში დარეგისტრირდა ალტერნატიული, უსუფაშვილი- ვაშაძის მოდელი, რომელიც ოპოზიციამ შესთავაზა ხელისუფლებას და რეგისტრაციის შემდეგ ის უკვე ეუთო- ოდირში გადაიგზავნება, მასთან დაკავშირებითაც უახლოეს დღეებში გვექნება შესაბამისი დასკვნა. მაგრამ ახლაც ცალსახაა, რომ პროპორციული ნაწილი, რომელმაც გავლენა უნდა მოახდინოს მაჟორიტარული მანდატების განაწილების პროცესზე, ასევე შეუთავსებელი იქნება ჩვენს კონსტიტუციასთან. ამიტომ, ჩვენი უცხოელი პარტნიორების რჩევითაც ერთადერთი სალაპარაკო თემა, რომელიც შესაძლებელია იყოს, ეს არის სწორედ 73 მაჟორიტარული მანდატის სხვაგვარად განაწილების წესი, რომელიც არ უკავშირდება არც გერმანულ მოდელს და არც სხვაგვარ შეთავაზებას, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას. რაც შეეხება მანდატების განაწილების პრინციპს – აქ მნიშვნელოვანია, რომ 77 მანდატი ჩვეულებრივად განაწილდება პროპორციული საარჩევნო წესით. ამომრჩეველს ექნება ჩვეულებრივ 2 ბიულეტენი, ერთი პროპორციული, რომელშიც ჩაწერილი იქნება პოლიტიკური პარტიები და მეორე მაჟორიტარული ბიულეტენი, სადაც უკვე ჩაწერილი იქნება სახელები და გვარები, მაგრამ თუ ჩვენ დღეს გვაქვს ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, ახლაც ამომრჩევლისთვის დიდად არაფერი შეიცვლება, დარჩება იგივე ნიმუშის ბიულეტენი, უბრალოდ ამომრჩეველს ამ 1 ხმით შეეძლება, აირჩიოს სხვადასხვა კანდიდატები , მათ შორის პოლიტიკური პარტიების, თუ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი“, – განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ მოდელს საკონსტიტუციო ცვლილებები არ დასჭირდება.
„ოპოზიციის შეთავაზებაში გვაქვს 6, 7 და 8- მანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, სადაც უნდა გავიდეს საუკეთესო შვიდეული, საუკეთესო ექვსეული. თუმცა ვშიშობ, ეს მოდელიც შეიძლება მაჟორიტარული კორპუსის დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს, იმიტომ, რომ იცით, უმრავლესობის უმრავლესობა სწორედ მაჟორიტარები არიან. სწორედ მათმა პოზიციამ განაპირობა ის, რომ ვერ გადავედით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ამიტომ, ვფიქრობ, ოპოზიციის შეთავაზება შეიძლება, ასევე მიუღებელი იყოს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ 3- მანდატიანი მაჟორიტარული ოლქები. მთელი ქვეყანა დავყოთ 3-მანდატიან მაჟორიტარულ ოლქებად და 24 მაჟორიტარული ოლქი გვექნება ამ შემთხვევაში.
ბუნებრივი ბარიერი, რომელიც უნდა მიიღოს მაჟორიტარმა კანდიდატმა, იქნება 33 %. ეს მოდელი შესაძლებელია, განვიხილოთ ისე, რომ მას არ დასჭირდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და მარტივად, 76 ხმით საარჩევნო კოდექსში მოხდეს ამის ინიცირება. ამომრჩევლისთვის ასეთი საარჩევნო სისტემის მიღება არ იქნება რთული, იმიტომ, რომ კიდევ ვიმეორებ, მათთვის დიდად არაფერი შეიცვლება, დარჩებათ 2 საარჩევნო ბიულეტენი. მთელი ამოცანა ახალი საარჩევნო სისტემის და მოდელისა არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს 73-ვე მანდატის წაღება. ბუნებრივია ასეთი საარჩევნო სისტემის შეთავაზება შესაძლებელია“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, 2 დღის წინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნება“ თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა.
თამუნა შეყილაძე