კახა კალაძე: თუ გადასცდებიან კანონს, სახელმწიფოს მხრიდან ასევე კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება
თბილისის მერი, კახა კალაძე სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით 2019 წელი შემაჯამებელ ანგარიშში გამოვლენილ ტენდენციებს გამოეხმაურა.
კალაძის თქმით, პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლის შესაძლებლობა არავის მიეცემა.
“რა თქმა უნდა ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. არავის არ მიეცემა შესაძლებლობა პარლამენტს ხელი შეუშალოს მუშაობაში. თუ გადასცდებიან კანონს სახელმწიფოს მხრიდან ასევე კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება”, – აღნიშნა კალაძემ.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით 2019 წელი შეაჯამა, სადაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზეც გაამახვილა ყურადღება.
სახალხო დამცველის შეფასებით, “სახელმწიფოს მხრიდან შეკრების უფლების დაცვის, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ვალდებულებები მიმდინარე წელს სათანადოდ არ სრულდებოდა. 20-21 ივნისის შეკრების მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა რომ აქციის ძალის გამოყენებით შეწყვეტამდე, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ადგილზე არ მომხდარა მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე, შეკრების მონაწილეებისთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. გარდა ზემო აღნიშნულისა, აღსანიშნავია, რომ 18 და 26 ნოემბრის მშვიდობიანი აქციები ასევე დაშლილ იქნა ძალის გამოყენებით. მართალია, მოცემულ შემთხვევაში წინა შემთხვევისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქი საშუალებების გამოყენებით განხორციელდა აქციების დაშლა, თუმცა აქაც ჩნდება კითხვები მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერებასთან დაკავშირებით”.