თეა ახვლედიანი: ცირკულარული შრომითი მიგრაციის, როგორც ლეგალური მიგრაციის ერთ-ერთი ფორმის ეფექტიანად განვითარება, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირებისა და სავიზო დიალოგის პროცესის პრიორიტეტებს ეხმიანება

0

“ცირკულარული შრომითი მიგრაციის, როგორც ლეგალური მიგრაციის ერთ-ერთი ფორმის მართვა და ეფექტიანად განვითარება, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების და სავიზო დიალოგის პროცესის პრიორიტეტებს ეხმიანება,- ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თეა ახვლედიანმა ტელეკომპანია “იმედისა“ და ინტერნეტპლატფორმა “ჰოლონი“ გადაცემა “ბიზნესქრონიკაში“ ცირკულარულ მიგრაციაზე საუბრისას განაცხადა.
“ქვეყანაში დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა მთავრობის მიერ გაცხადებულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს პოლიტიკა მიზნად ისახავს, ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობას. მათ შორის: საშუამავლო ღონისძიებების გაუმჯობესებას, დამსაქმებლის და სამუშაოს მაძიებლების ინტერესებზე მორგებული ე.წ. ევროპული ტიპის სერვისებისა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, ასევე, ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული კვალიფიციური ადამიანური რესურსის განვითარების სიტემის დახვეწას, მომზადება-გადამზადების პროგრამების გაძლიერებას. ცირკულარული შრომითი მიგრაციის განვითარება კი, ამ პოლიტიკის ერთ-ერთ კომპონენტს, მის საერთაშორისო განზომილებას წარმოადგენს. ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ქვეყნის შიგნით შრომითი მიგრაციის რეგულირების სისტემის სრულყოფაზე, ასევე საზღვარგარეთ ჩვენ პარტნიორებთან ვაწარმოებთ დიალოგს ცირკულარული შრომითი მიგრაციის კონკრეტულ სქემაზე შეჯერების მიზნით. ამ კუთხით, გაძლიერდა უწყებათაშორისი კოორდინაციის პროცესი და ინსტიტუციური შესაძლებლობები, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამის ქვეყნებთან“,- განმარტა თეა ახვლედიანმა.
მინისტრის მოადგილემ იმ მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრა, რის დარეგულირებასაც ცირკულარული მიგრაცია ხელს შეუწყობს:
“ხელი შეეწყობა არალეგალური მიგრაციის ნაკადების შემცირებას და მართვას. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, სამწუხაროდ, გაიზარდა არალეგალურ მიგრანტთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მოთხოვნათა რაოდენობა, როდესაც, სულ უფრო მეტ ქვეყანას შევყავართ უსაფრთხო ქვეყნების სიაში; ცირკულარული შრომითი მიგრაციის შეთანხმებული სქემების ფარგლებში, დროებით დასაქმების მიზნით წასული მოქალაქეების ადამიანის უფლებები და შრომითი პირობები იქნება დაცული და გათანაბრებული მიმღები ქვეყნის მოქალაქესთან; კარგად მართული ცირკულარული შრომითი მიგრაცია, დროთა განმავლობაში აუცილებლად გამოიწვევს ქართული მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული გამოცდილების გაღრმავებას. დროებითი შრომითი მიგრანტები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უფრო კონკურენტუნარიანი იქნებიან ადგილობრივ შრომის ბაზარზეც.
რაც შეეხება შესაძლო მოთხოვნად პროფესიებსა და ქვოტებს, აღნიშნული საკითხები, ზოგადად, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით დარეგულირდება; ასევე – ზოგიერთ შემთხვევაში, კონკრეტულად განისაზღვრება ქვეყნების მიხედვით. მაგ: საფრანგეთთან უკვე ხელმოწერილ შეთანხმებაში საუბარია წელიწადში არაუმეტეს 500 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობაზე, მაშინ როდესაც ზოგიერთ ქვეყანასთან შესაძლოა საერთოდ არ იყოს რაოდენობრივი შეზღუდვა. ზოგადად, ცნობილია, რომ მოთხოვნა არსებობს როგორც სეზონურ მუშახელზე, ასევე კვალიფიციურ და მაღალ-კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე. კვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნა, ძირითადად, ისეთ პროფესიებზე ვლინდება, რაც უკავშირდება: მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებს (ქვის სპეციალისტების, შემდუღებლის, ელექტრომექანიკოსის ჩათვლით); ციფრულ ტექნოლოგიებს; სარესტორნო და სასტუმრო სექტორს და სხვა”,- განაცხადა ახვლედიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებთან ცირკულარული მიგრაციის კუთხით თანამშრომლობას საფუძველი ჯერ კიდევ 2009 წელს ჩაეყარა, როდესაც ერთობლივ დეკლარაციას “პარტნიორობა მობილობის“ შესახებ ხელი მოეწერა. თავად ევროკავშირის დოკუმენტები, როგორიცაა – ევროკომისიის შესაბამისი კომუნიკაციები და ევრო დირექტივები, გლობალური მიდგომა მიგრაციისა და მობილობისადმი, ევროპული დღის წესრიგი მიგრაციაზე და სხვა – ევროკავშირის ქვეყნებისთვის საკითხის აქტუალობას ხაზს უსვამს და ამ სფეროს არეგულირებს.

კომენტარები

კომენტარი