პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით “ჰეროინი“ ამოიღო – დაკავებულია 1 პირი (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული დ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დ.კ. სოფელ გონიოში დააკავეს. ბრალდებულს სამგზავრო ჩანთის სახელურში ნარკოტიკული საშუალებების სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი. პოლიციამ დაკავებულის ბარგის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად “ჰეროინის“ შემცველი, 32,421 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.