კონსტანტინე კოსაჩოვი: რუსი დეპუტატები გაფრინდაშვილის საკითხის მოგვარებაში ჩაერთვებიან

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინე კოსაჩოვის თქმით, რუსი პარლამენტარები მზად არიან, ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხში ჩაერთონ, რადგან მისი თქმით, ეს ჰუმანიტარული ხასიათის საქმეა.

ამის შესახებ კოსაჩოვმა “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრაზე განაცხადა. შესაბამისი თხოვნით, კოსაჩოვს სწორედ ბურჯანაძემ მიმართა.

„ამ საკითხით აუცილებლად დავკავდებით“, – თქვა შეხვედრაზე კოსაჩოვმა.

ბურჯანაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში” რუსეთი ამ საკითხში ჩაერევა.

„რუს კანონმდებლებს კარგად ესმით, რომ ეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კომპეტენციაა. მაგრამ, ძალას არ დავიშურებთ, რომ საკითხის მოგვარება მოხდეს, იმის გათვალისწინებით, რომ ის ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს“, – განმარტა კონსტანტინე კოსაჩოვმა.

ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ორთვიანი პატიმრობა 15 ნოემბერს მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები