ზუგდიდში სასულიერო პირთან ერთად დაკავებული რომან მალანიას საქმის პროკურორის, მარიამ ქორიძის განცხადებით, სახელმწიფო ბრალდება მას შემდეგ იფიქრებს მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, როცა პროკურატურა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ჩაიბარებს და განჩინებას გაეცნობა.
პროკურორის ინფორმაციით, საქმეში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა ჩვენებების გარდა, მტკიცებულებებად პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთები აქვთ.
მარიამ ქორიძის თქმით, ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რადგან არსებობს მიმალვის საფრთხე მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით.
“იყო მტკიცებულებათა განადგურების რეალური საფრთხე. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დასადგენია და გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, თუ სად, რა ვითარებაში, რა მიზნით მოახდინა აღნიშნულმა პირმა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა. დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებითაც გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები. ვინაიდან, როგორც ცხადყოფს საქმეში არსებული გარემოებები, ამ პირის მიმართ წარსულში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი”, – განაცხადა საქმის პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, გიგა ქავთარაძე და რომან მალანია. ერთ-ერთი დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე 32 წლის მამა სვიმონ ქავთარაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ბერმონაზონის მამაც ფიგურირებდა, რომელიც 10 დღის წინ დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს.
“რეგიონული კვირის” ინფომრაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ზუგდიდის ეპარქიაში სასულიერო პირების შეხვედრა უნდა გაიმართოს.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი რ. მ. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.