“რუსეთი ევროატლანტიკური სივრცისთვის საფრთხეა” – ნატოს დეკლარაცია გამოქვეყნდა

ნატო რუსეთის აგრესიულ ქმედებებს რაციონალურად უპასუხებს, ასევე ბლოკი რჩება ღია მოსკოვთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის მაშინ, როდესაც რუსეთის ქმედება ამის შესაძლებლობას დატოვებს. ამის შესახებ ნატოს ლიდერების ლონდონის შემაჯამებელ დეკლარაციაშია ნათქვამი.

„ჩვენ, როგორც ალიანსი, სხვადასხვა სახის საფრთხეს და გამოწვევას ვაწყდებით, რომლებიც ყველა სტრატეგიული მიმართულებიდან მოდის. რუსეთის აგრესიული ქმედება ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს; ასევე ტერორიზმი, მისი სხვადასხვა გამოვლინებით ყველა ჩვენთაგანისთვის მუდმივ საფრთხედ რჩება. სახელმწიფო და არასახელმწიფო ობიექტები საერთაშორისო წესრიგისთვის გამოწვევაა. ჩვენს საზღვრებს გარეთ არასტაბილურობა ხელს უწყობს არალეგალურ მიგრაციას. ვაწყდებით კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებს“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და არც ერთი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„უსაფრთხოების მიმართ 360-გრადუსით მოვახდენთ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების, სტრატეგიის და გეგმების ადაპტირებას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი სამხედრო ძალების მზადყოფნა ამაღლდეს ნებისმიერი საფრთხის საპასუხოდ ნებისმიერი მხრიდან და ნებისმიერ დროს. მტკიცედ ვაგრძელებთ ტერორიზმთან ბრძოლას და ერთობლივად მივიღებთ ზომებს მის დასამარცხებლად. ვრეაგირებთ და მომავალშიც მოვახდენთ რეაგირებას აწონ-დაწონილად და პასუხისმგებლობით რუსეთის მიერ საშუალო სიშორის მოქმედების ახალი რაკეტების განთავსებაზე, რამაც შესაბამისი შეთანხმების გაწყვეტა გამოიწვია და რაც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“,-აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, როგორც დოკუმენტში წერია: “მთლიანად ვემხრობით იარაღის ეფექტური კონტროლის, განაიარაღებისა და გაუვრცელებლობის შენარჩუნების გაძლიერებას. მოკავშირეები მტკიცედ არიან ვალდებულნი შეასრულონ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმება. ღია ვრჩებით დიალოგისთვის და რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის, როდესაც რუსეთის ქმედება ამის საშუალებას მოგვცემს“, – ნათქვამია ლონდონის დეკლარაციაში.

ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ადასტურებენ, რომ ერთ წევრზე თავდასხმა, მთლიანად ბლოკზე თავდასხმას გულისხმობს.

„ვადასტურებთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკასთან ტრანსატლანტიკურ კავშირს, ჩვენს ერთგულებას გაეროს მიზნებისა და პრინციპების მიმართ, ასევე ჩვენს ვალდებულებას, რომელიც ვაშინგტონის შეთანხმების მეხუთე მუხლშია ჩადებულია, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა, ყველა ჩვენთაგანზე თავდასხმას ნიშნავს“,- ნათქვამია დეკლარაციაში.

გარდა ამისა, ლონდონის სამიტზე ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ მომდევნო სამიტი 2021 წელს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები