მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი საქმიანობა, ნაბიჯები, გადაწყვეტილებები ერთადერთ რამეს უკავშირდება, ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარება
,,საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები არ არის იმ ტიპის ურთიერთობები, რომ ვინმეს შეშფოთებას იწვევდეს”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ასევე აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან და უფრო მაღალი დონის პარტნიორობა და თანამშრომლობა აქვთ ჩინეთთან, ვიდრე საქართველოს.
„ეს სპეკულაციური განცხადებებია. მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე საფუძველი აქვს ამას იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შეიძლება იყოს შემაშფოთებელი ან რაიმე შეშფოთების საფუძველი საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ კონკრეტულ გეოგრაფიულ მოცემულობაში. კარგად ვაცნობიერებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს გეოგრაფია და გეოპოლიტიკა გვაძლევს ამ შემთხვევებში. რა თქმა უნდა, ვალდებულიც ვართ, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ არამც და არამც არ ნიშნავს ვინმეს საწინააღმდეგოდ მოქმედებას. ეს საქართველოს ხელისუფლებას არასდროს გაუკეთებია და არც აკეთებს. ჩვენი საქმიანობა, ჩვენი ნაბიჯები, ჩვენი გადაწყვეტილებები ერთადერთ რამეს უკავშირდება, ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებასა და გაძლიერებაზე ფიქრი. ამას ვაკეთებთ ერთადერთი, როდესაც საგარეო ურთიერთობებზეა საუბარი, რომ საქართველო იყოს უფრო მყარად რეგიონში, საქართველოს ჰქონდეს შესაბამისი პარტნიორობები იმ ქვეყნებთან, რაც სჭირდება საქართველოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია გვკარნახობს და რასაც კონსტიტუცია გვკარნახობს, ის ჩვენი პოლიტიკის საფუძველია. რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი მიმართულებები და დარჩება, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პირველ რიგში და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. ამ ყველაფერს სჭირდება სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის განვითარება. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ევროპის მიმართულებით უნდა გვქონდეს ურთიერთობები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მიმართულებით გააძლიეროს საქართველომ პარტნიორობა, იქნება ეს ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზიის ქვეყნები, ყურის ქვეყნები, სხვადასხვა მიმართულებით, სადაც შესაძლებლობა გვექნება. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა პირობებში ვითარდება საქართველო. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ასევე სხვადასხვა გეოგრაფიულ, ერთი შეხედვით შორეულ ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერებასაც და რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესების გატარებას ყველგან, სადაც მიგვიწვდება ხელი, დიპლომატიური კავშირები და სადაც შეიძლება ვიპოვოთ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო რამ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.