ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტში და საკრებულოებში შესვლასთან დაკავშირებით ,,გახარია საქართველოსთვის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა” ისაუბრა.
მაჭავარიანის თქმით, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორა და გადაწყვიტა, გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში იყვნენ.
“დიფ სთეითის მესვეურებმა როგორც იქნა სიმართლეს და რეალობას გაუსწორეს თვალი. ისინი უკვე კარგად აღიქვამენ, რომ “ქართულ ოცნებას”, შანტაჟის მიუხედავად, ვერანაირ კომპრომისზე ვერ წაიყვანენ, რაც იყო მათი მთავარი გათვლა და რატომაც დატოვეს ქუჩაში ოპოზიცია. შემდეგ ოპოზიციას დემონსტრაციულად კანონი დაარღვევინეს, ლიდერებზე მაქვს საუბარი და თავისი ფეხით შეუშვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რევოლუციური სცენარების განვითარება – ნახეს, რომ ვერც ლეგიტიმური და ვერც არალეგიტიმური გზით ვერ გვანაცვლებენ და ვერც ამხელა შანტაჟის და ზეწოლის ფონზე ვერ გვადგმევინებ ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს და როგორც იქნა, სიმართლეს, რეალობას თვალი გაუსწორეს. შეეგუენ, რომ “ქართული ოცნება” არის ქვეყნის სათავეში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მხოლოდ “ქართული ოცნება” არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი საქართველოში, მშვიდობის შენარჩუნების გარანტი, ჩვენი ტრადიციების, იდენტობის შენარჩუნების გარანტი და განვითარების მთავარი გარანტი, ამ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას არ სურს, რომ ის კარტებიც ბოლომდე გადაყარონ. 12 დეპუტატი ჰყავთ შემორჩენილი, შავი დღისთვის შემოინახეს და სურთ, ეს 12 დეპუტატი, მათ მიერ მართული ბატონი გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში იყვნენ და იქიდან გააჟღერონ მათი მესიჯ ბოქსი”,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.