ლევან მაჭავარიანი: 20-30 ადამიანს საშუალებას არ მივცემთ თბილისის მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნას
,,20-30 ადამიანს საშუალებას არ მივცემთ თბილისის მოსახლეობაზე იძალადოს და დისკომფორტი შეუქმნას”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შემთხვევაში სამართალდამცავები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
„ამიტომ, პირველ რიგში პოლიციის მხრიდან იქნება გაფრთხილება, როდესაც მცირე ჯგუფი შეეცდება რომ ცენტრალური გამზირი გადაკეტოს, ხოლო თუ ისინი მაინც შეეცდებიან რომ იმავნებლონ, ამ შემთხვევაში სამართალდამცავი უწყებები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ”, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა 16 ოქტომბერს მხარი დაუჭირა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას. ცვლილების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.