მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც რეალურად დადგება დღის წესრიგში ევროკავშირში გაწევრიანება იმ ქვეყნებისთვის, რომელ ქვეყნებზეც არის დღეს საუბარი, საქართველო აუცილებლად იქნება სასურველი პარტნიორი
,,საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არც დღეს დაწყებულა, არც გუშინ, არც დღეს და გუშინ მოგვდომებია ის, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვიყოთ, ეს არის ძალიან ღრმა სურვილი ქართველი ერის, ქართველი ხალხის, საქართველოს ხელისუფლების, რომელიც ბუნებრივად წარმოადგენს ქართველ ხალხს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირში ინტეგრაცია არის ძალიან მყარი რამ ქართული საზოგადოებისთვის.
„რასაც ჰქვია ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროპასთან კავშირი, ბუნებრივია, ასეთი მოკლევადიანი დღის წესრიგებით ვერ განისჯება და ვერაფრით ვერ ექნება ამას გავლენა ამ ყველაფერზე. საქართველო სასურველი პარტნიორი აუცილებლად იქნება. ჩვენ როდესაც ევროკავშირის გაფართოებაზე რეალურად დავიწყებთ საუბარს და მართლაც რეალურად დადგება ევროკავშირში გაწევრიანება დღის წესრიგში იმ ქვეყნებისთვის, რომელ ქვეყნებზეც არის დღეს საუბარი, საქართველო აუცილებლად იქნება სასურველი პარტნიორი. დღეს რეალურად არც ერთი ქვეყანა არ არის იმ კართან მისული, რომელსაც ხვალ გაღება აქვს პერსპექტივაში და ხვალ ევროკავშირის წევრობაზე შეიძლება, იყოს საუბარი, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი არის აღმართებით და დაღმართებით. ეს ჩვეულებრივი გზა არის ევროკავშირისკენ, ეს გავლილი აქვს ბევრ სახელმწიფოს. როგორ მოხდება ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის, საქართველოზე არ არის მხოლოდ და მხოლოდ საუბარი, დიდწილად არის დამოკიდებული იმ გარემოებებზე, იმ გარემოზე, როგორც განვითარდება მაგალითად რუსეთ-უკარინის კონფლიქტი, როგორ მოხდება ამ კონფლიქტის დასრულება, ომის შეჩერება და შემდგომ ამ ქვეყნების იმ ეტაპამდე მიყვანა, რომ შემდგომ ისინი იყვნენ ევროკავშირის წევრობისთვის მზად. როდესაც მზაობაზეა საუბარი, განმსაზღვრელი პირველ რიგში ჩვენთვის იქნება განვითარება და განვითარებას რაც უდევს საფუძვლად ის. უსაფრთხოება, განვითარება ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის მთავარი, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხოდ და უსაფრთხო პირობებში განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. წინ წავიდეს იმისთვის, რომ მზად იყოს ევროკავშირის წევრობისთვის. წინ ბევრი გამოწვევაა, მათ შორის ევროპის მხარესაც. საკმაოდ რთულ პირობებში უწევს თავად ევროკავშირს არსებობა და გადაწყვეტილების მიღება. ეს არ არის მარტივი მოცემულობა არც ევროკავშირისთვის და ჩვენ თუ საერთო ევროპულ უსაფრთხოებაზე, ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ, იქ წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე იყოს ეს ყველაფერი განხილული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.