ზელენსკის თქმით, უკრაინა ომის შესაძლო დასრულებასთან ახლოსაა
უკრაინა და მისი მოკავშირეები რუსეთთან ომის შესაძლო დასრულებას მიუახლოვდნენ, ძირითადად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევის წყალობით,- ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებული ვითარება მსოფლიოში უპრეცედენტოა და მისი მასშტაბები სხვა შეიარაღებული კონფლიქტების მასშტაბებს აღემატება.
“არ მინდა რომელიმე ქვეყნის დამცირება ან გაზვიადება, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია შევადაროთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები აქ მიმდინარე მოვლენებს. ომის მასშტაბები სრულიად განსხვავებულია. ეს სხვა ამბავია“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი გამოყენებული საშუალებების დონითა და ოპერაციების მასშტაბებით გამოირჩევა.
ამავდროულად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო დროს მშვიდობისკენ რეალური პროგრესის წინაპირობები გაჩნდა.
„ჩვენ ვუახლოვდებით ომის შესაძლო დასასრულს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ეს არ ნიშნავს, რომ ის ნამდვილად დასრულდა, მაგრამ ტრამპმა ბევრს მიაღწია ახლო აღმოსავლეთში და მას სურს ამ ტალღაზე ისარგებლოს, რათა დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, – თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საერთაშორისო მოლაპარაკებებში ომის დასრულების ძლიერი პოლიტიკური მოთხოვნა ჩნდება.