ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა პუტინის უნგრეთში შესაძლო ვიზიტი უარყოფითად შეაფასა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებით, „კარგი არ არის“, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკავშირის წევრ უნგრეთში, უკრაინაში ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გასამართად შესაძლოა ჩავიდეს,- ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც ცნობილია, პუტინზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. უნგრეთს კი ამჟამად ICC-ის დატოვება სურს.
“ბუდაპეშტთან დაკავშირებით, არა, ეს სასიამოვნო არ არის. იმის დანახვა, რომ ადამიანი, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა, ევროპულ ქვეყანაში ჩადის”,- განაცხადა კალასმა.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მალე ბუდაპეშტში პუტინს შეხვდება.
კალასმა ლუქსემბურგში ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპის მცდელობები მშვიდობის დამყარების მიმართულებით მისასალმებელია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ლიდერს შეხვდეს.
“ამერიკას დიდი ძალა აქვს, რომ რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და თუ ისინი ამას გამოიყენებენ, რა თქმა უნდა, ეს კარგია, თუ რუსეთი ამ ომს შეწყვეტს“, – თქვა კალასმა.