,,არ შეიძლება, ისაუბრო დემოკრატიის უკუსვლაზე და ამომრჩევლის ძალიან დიდი რაოდენობა უგულებელყო, დემოკრატიულ ქვეყანაში საკუთარი პოზიციის დაფიქსირების სხვა გზა ჩვენ არ გვინახავს, რომ სადმე არსებობდეს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს არის მრავალჯერ ნაცადი აპრობირებული გზა, რომ მოსახლეობა, სამოქალაქო საზოგადოება, საკუთარ პოზიციას, საკუთარ არჩევანს აკეთებს არჩევნებზე.
„ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს ეს არჩევანი, მათი პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, დემოკრატიულ ქვეყნებში, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის არჩევანი, ეს არის არჩევნების შედეგი, ყველამ უნდა მიიღოს, პოზიციამაც, ოპოზიციამაც, გამარჯვებულმაც, დამარცხებულმაც და გააგრძელოს რაღაც ფორმით მუშაობა სახელმწიფო ინსტიტუტებში. დღეს საქართველოში რასაც ახალისებენ მსგავსი სურათის დახატვით, არის დემოკრატიის საწინააღმდეგო პროცესი. პროცესი, რომელიც არის ქუჩაში, პროცესი, რომელიც არ მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტებში. სწორედ ამის წახალისება ხდება, როდესაც შენ ამბობ, რომ მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, პატივს არ სცემენ ადამიანების არჩევანს, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს არ სცემენ პატივს, არათუ ჩემი ამომრჩევლის არჩევანს არ სცემენ პატივს. საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს დემოკრატიულ ქვეყანაში არ სცემენ პატივს, ხაზს უსვამენ და არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობას. აქ საუბარი კი არ არის ხელისუფლების წინააღმდეგ, ასეთი ნაბიჯები მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ. როდესაც შენ ამას ახალისებ, სხვანაირად რანაირად დავინახო შენი საქციელი. ამ შემთხვევაში მე სხვა გზა არ მრჩება, უნდა აღვიქვა საქციელი ასე, რომ შენ ახალისებ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებს ჩემს სახელმწიფოში და მაშინ, რა თქმა უნდა, მე ვალდებული ვარ, მქონდეს შესაბამისი რეაგირება და ეს რეაგირება აღარ უნდა იყოს აღქმული, თითქოს მე თავს ვესხმი ვიღაცას. მე არავის არ ვესხმი თავს, პირიქით, მე მიწევს სწორედ თავდასხმებზე საუბარი ხმამაღლა და ჩვენ ამავე ვსაუბრობთ და გავაგრძელებთ ამაზე საუბარს”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.