არჩილ თალაკვაძე: ნიკა გვარამიას განცხადებას უბრალოდ ღიმილით შევაფასებდი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური პარტია ოპოზიციიდან მედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
თალაკვაძის თქმით, მას არ წაუკითხავს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, „ფეისბუქის“ სტატუსი, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ნიკა გვარამიას განცხადებას „ღიმილით შეაფასებს“.
“მართალი გითხრათ, არ წამიკითხავს მისი სტატუსი და სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ეს არის ადამიანი, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ მის მედიასაშუალებას იყენებდა პილიტიკური მიზნებისთვის და სამწუხაროდ ამაზე თქვენ, ჟურნალისტებს არ გქონდათ შესაბამისი რეაქცია. მესმის თქვენიც. ამიტომ ჩვენ გვაქვს ამაზე რეაქცია. მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური პარტია ოპოზიციიდან ამბობს, რომ მედიას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. მედია უნდა იყოს თავისუფალი, ობიექტური და დამოუკიდებელი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ისეთი ჩარევისგან, რასაც ამ შემთხვევაში თქვენს მიერ დასახელებული ადამიანი ახორციელებს. მე ნიკა გვარამიას განცხადებას უბრალოდ ღიმილით შევაფასებდი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.