ცოტნე ზურაბიანი: შშმ პირთა უფლებების შესახებ ახალ ძირითად კანონზე მუშაობა იუსტიციის სამინისტროს უკვე დასრულებული აქვს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანება და 2013 წლიდან დღემდე, შშმ პირებისთვის უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს.
მისი თქმით, შშმ პირთა უფლებების შესახებ, ახალ ძირითად კანონზე მუშაობა იუსტიციის სამინისტროს უკვე დასრულებული აქვს და მთავრობის ინიცირებით უახლოეს მომავალში პარლამენტს წარედგინება.
“3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. იმისთვის, რომ შშმ პირებს საქართველოში ჰქონდეთ თანაბარი სწავლის, მუშაობის და საკუთარი უფლებების აღსრულების შესაძლებლობა – მთელ რიგ რეფორმებს ვახორციელებთ. 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) რატიფიცირება მოახდინა, რომელიც 2014 წლის 12 აპრილს შევიდა ძალაში. შედეგად: სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 2013 წელს იყო – 13 450 000 ლარი, 2016 წელს – 22 850 000 ლარი, ხოლო 2019 წელს – 35 850 000 ლარი გახდა. შესაბამისად: თუკი ადრეული განვითარების და შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამებში 1200 მომლოდინე ბავშვი გვყავდა, დღეს სარეზერვო სიები აღარ არსებობს; სახელმწიფო გასცემდა მხოლოდ 2 ტიპის და ერთი სახეობის ეტლებს, დღეს კი ინდივიდუალური მორგებით ნახევარ აქტიურ ეტლებს გასცემს. 2016 წლიდან დაემატა ელექტრო ეტლების გაცემის სერვისი; 2019 წლიდან “სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის” დამოუკიდებელი ცხოვრების კომპონენტის დაფინანსება გაიზრდება და დღიური ვაუჩერის ღირებულება 16 ლარის ნაცვლად 30 ლარით განისაზღვრება. ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს. გატარდა ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმა – ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა, რომელიც საქართველოში განხორციელდა 2016 წლიდან და სახელმძღვანელო პროგრამად არაერთი ევროპული ქვეყნისთვის იქცა; დაინერგა სტატუსის მინიჭების ბიო-ფსიქო-სოციალური სისტემა – ამ დროისთვის უკვე მოხდა 400-მდე შშმ პირის ინდივიდუალური საჭიროების შესწავლა; შემუშავდა საპენსიო პოლიტიკა – 2012 წლის მონაცემებით მკვეთრად გამოხატულ შშმ პირთა (1 ჯგუფი) პენსია იყო 125 ლარი, ხოლო 18 წლამდე შშმ პირთა პენსია და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების (ძველი კლასიფიკაციით II ჯგუფი) პენსია 70 ლარი. პირველი ჯგუფის და 18 წლამდე შშმ პირების პენსია 2013 წლიდან გათანაბრდა. დღეს ეს კატეგორია იღებს 200 ლარს, ხოლო მეორე ჯგუფი – 120 ლარს. 2020 წლის პირველი იანვრიდან თითოეულ კატეგორიას პენსია კიდევ 20 ლარით გაეზრდება; პარაოლიმპიური მოძრაობა და პარასპორტი – 2012 წლის მდგომარეობით გვყავდა მხოლოდ 3 პარასპორტსმენი და ვითარდებოდა პარასპორტის 2 სახეობა. დღეს 300-ზე მეტი შშმ სპორტსმენი ემზადება პარასპორტის 19 სახეობაში. მათ შორის ISAF-ის სამშვიდობო მისიაში დაზარალებული ჯარისკაცები. პარაოლიმპიური კომიტეტის დაფინანსება – 2012 წელს იყო 19,000 ლარი, 2018-ში – 650 ათასი ლარი. 2020 წელს მილიონზე მეტი იქნება; ხორციელდება ადაპტირების უწყვეტი რეჟიმი. მათ შორის, სკოლების, ბაღების, პარკების, სპორტული მოედნების, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების, საჯარო დაწესებულებების და სხვა. ამუშავდა აუტიზმის მქონე პირთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამები. პირველი პრეცენდენტი შეიქმნა 2015 წელს თბილისის მერიაში, როცა ბიუჯეტიდან განისაზღვრა 350,000 ლარი და სერვისს იღებდა 325 15 წლამდე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი და მოზარდი. 2019 წელს თბილისის მერიის ბიუჯეტი არის – 3,800,000 ლარი და სერვისს 1000-ზე მეტი ბენეფიციარი იღებს. ასაკობრივი ზღვარი 15 წლიდან გაიზარდა 18 წლამდე. პროგრამა თბილისის გარდა, ხორციელდება – ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ამუშავდა შშმ პირთა მუნიციპალური საკოორდინაციო საბჭოები. 2012 წლის მდგომარეობით საქართველოს არც ერთ მუნიციპალიტეტში (არც თბილისში) არ იყო შექმნილი “შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოები”. პირველი შეიქმნა 2015 წელს ქ. თბილისის მერიაში. დღეის მდგომარეობით უკვე 50-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მერის დონეზე ფუნქციონირებს მსგავსი საბჭოები, რომელშიც შშმ პირები და მათი წარმომადგენლები შედიან. ეს ფორმატი უზრუნველყოფს ჩართულობის მაღალ დონეს შშმ პირების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესებში; გაიზარდა ტრანსპორტის მისაწვდომობა, თბილისის მერიამ 2016 წლიდან დაიწყო ავტოპარკის განახლება, დღეის მდგომარეობით მოსახლეობას ემსახურება – 221 MAN-ის და 123 ISUZU-ის მარკის თანამედროვე ადაპტირებული ავტობუსი. ავტოპარკის განახლების პროცესი დასრულდება 2021 წელს და თბილისს 100 %-ით ადაპტირებული ავტობუსები მოემსახურება. საფუძველი ჩაეყარა ჟესტების ენის პოპულარიზაციას – თბილისის მერიის პროგრამის მეშვეობით, ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით მოხდა ახალგაზრდების დაინტერესება და გადამზადება. გაორმაგდა თარჯიმნების რაოდენობა, გაახალგაზრდავდა საშუალო ასაკი. პროგრამის სპეციფიკამ უზრუნველყო ჟესტების ენაზე მოთხოვნილების გაზრდა – სულ უფრო მეტი ტელეგადაცემა, სერვისი და სხვა ადაპტირდა ჟესტური ენით. გაუმჯობესდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამები – ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა – ბიუჯეტი 2012 წელს იყო 11 მილიონი ლარი, 2018 წელს – 21 მილიონი ლარი, 2019 წელს 24 მილიონი ლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ დღეს, საქართველოში, საზოგადეობის დიდი ნაწილისთვის არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს განსხვავებული შესაძლებლობები და ამ, გარკვეული სტიგმის გასაქრობად, გაგვაჩნია სამომავლო ხედვა და გეგმებიც. კერძოდ: ახალი ძირითადი კანონის მიღება შშმ პირთა უფლებებზე (მუშაობა უკვე დასრულებული აქვს იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის ინიცირებით უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი პარლამენტისადმი). სიახლეები მოიცავს: გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას; ზრდასრული შშმ პირების სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვას; სოციალურ მოდელზე გადასვლის პროცესის გაძლიერებას. ,,მომავალი ხელმისაწვდომია, “- აღნიშნავს ცოტნე ზურაბიანი. შშმ პირთა უფლებები, მომავალი ხელმისაწვდომია, ცოტნე ზურაბიანი