“ადრე თუ კიტოვანი იყო, ახლა ბოკერიაა, ადრე თუ ჯაბა იყო, ახლა უგულავაა”
30 წელია, თითქოს ერთ კინოდარბაზში ვზივარ და ერთი და იგივე ფილმს ვუყურებ, დამთავრდება ფილმი და ისევ ხელახლა ატრიალებს ვიღაც უჩინარი კინომექანიკოსი ამ შავ-თეთრ, სიძველისაგან გაცრეცილ და გახუნებულ ფირს,- ამის შესახებ გაზეთ “ასავალ-დასავალის” მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტ ვახტანგ ხარჩილავას სტატიაშია საუბარი, სადაც იგი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება.
“დრო არ შეცვლილა, მხოლოდ პერსონაჟები შეიცვალნენ, ადრე თუ კიტოვანი იყო, ახლა ბოკერიაა, ადრე თუ ჯაბა იყო, ახლა უგულავაა, ადრე თუ სიგუა იყო, ახლა გრიგოლ ვაშაძეა, ადრე თუ ლუიზა და ირინა იყო, ახლა სალომე, ელენე და თინიკოა.
ადრე ზვიად გამსახურდიას ეძახდნენ დიქტატორს და უზურპატორს, ახლა ბიძინა ივანიშვილს ეძახიან იგივეს. მაშინ გამსახურდია უშლიდათ ხელს ქვეყნის სრულ იავარქმნაში, ახლა ივანიშვილი უშლით ხელს და იმიტომაც ამოიჩემეს. მაშინ გამსახურდია მოკლეს, ახლა ივანიშვილსაც სიამოვნებით მოკლავენ, ამის შანსი რომ მიეცეთ. გამსახურდიას დამხობის შემდეგ სვავებივით დააცხრნენ ქვეყანას და პირწმინდად გაძარცვეს და გაყვლიფეს. ივანიშვილი თუ გზიდან ჩამოიშორეს, ახლაც იგივეს გაიმეორებენ და ხალხს და ქვეყანას ცხრა პირ ტყავს გააძრობენ. ყაჩაღები არიან ესენი, ჩვეულებრივი ბანდიტები და დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება ნიღბებივით აქვთ აფარებული სახეებზე, როგორც ამას ყაჩაღები აკეთებენ სახლებში შევარდნისას, რომ დამხვდურებმა ვერ იცნონ, თუმცა, იცნობენ თუ არ იცნობენ, ამათ არც ედარდებათ, პასუხის მომთხოვნი მაინც არავინაა. დიახ, ეს სხვა დროც იგივეა, რაც იყო 30 წლის წინათ, 25 წლის წინათ, 20 წლის წინათ… ეს გოგო-ბიჭებიც ხან პარლამენტის რკინის ღობეს რომ ეჯაჯგურებიან და ხან ნაგვის ურნებს დაათრევენ აღმა-დაღმა, იგივეს აკეთებენ, რასაც მათი თანატოლები აკეთებდნენ 30 წლის წინათ, 25 წლის წინათ და 20 წლის წინათ. ისინიც ყრიდნენ რუსთაველის პროსპექტზე ათასგვარ ხარახურას, როგორც ესენი, ისინიც ზუსტად ისე აგუგუნებდნენ კოცონებს შუა ქუჩაში, როგორც ესენი. ისინიც ზუსტად იგივე სიტყვებს იძახდნენ და იგივე ლოზუნგებს სკანდირებდნენ, რასაც ესენი. ისინი, 30 წლის წინანდელი გოგო-ბიჭები და ესენიც, 21-ე საუკუნის პირმშოები, ერთი და იგივენი არიან, ჩაცმა-დახურვასა და “პრიჩოსკებშია” ცოტაოდენი განსხვავება, თორემ სხვა მხრივ ერთმანეთს ალი-კვალივით ჰგვანან.
დანამდვილებით ამათაც ზუსტად იგივე დაემართებათ, რაც იმათ დაემართათ- გაქნილი თვალთმაქცები, აფერისტები და არამზადები, იმისთვის გამოიყენებენ, რომ ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში, მერე კი ამ ძალაუფლებით, პირველ რიგში, სწორედ მათ გაუსწორდებიან, დააჩმორებენ, დააჩაჩანაკებენ, ჩარეცხავენ.
30 წელია, თითქოს ერთ კინოდარბაზში ვზივარ და ერთი და იგივე ფილმს ვუყურებ, დამთავრდება ფილმი და ისევ ხელახლა ატრიალებს ვიღაც უჩინარი კინომექანიკოსი ამ შავ-თეთრ, სიძველისაგან გაცრეცილ და გახუნებულ ფირს. სევდა და უიმედობა მიპყრობს, ჩვენი წინდაუხედაობის, ჩვენი უგუნურობისა და ჩიტირეკიობის ამსახველ ამ დოკუმენტურ კადრებს რომ ვუყურებ და ერთი კითხვა მიღრღნის გულს: რით შეიძლება, ეს ფილმი დამთავრდეს და ფინალური სცენა როგორი იქნება”,- ამბობს ხარჩილავა.