ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობაზე უარს აცხადებს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავს და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
ზაზა თავაძე პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილში ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების ობიექტურად ფუნქციონირება და ამიტომაც ამ მიმართულებით ნებისმიერი, თუნდაც დაუსაბუთებელი კითხვა უნდა იყოს მოხსნილი.
“ბატონო არჩილ, როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 22 ნოემბერს მოგმართეთ წერილით (N1-21959/19) რომლითაც მოვითხოვე გარკვეული ვადით გადაგედოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის მიზნით ჩემი კანდიდატურის პარლამენტის პლენალური სხდომისთვის წარდგენა. ხსენებულ განცხადებას საზოგადოებაში მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები. მათ შორის, გაჩნდა კითხვები, ხომ არ იყო ჩემი ქმედებები საზოგადოებრივ განწყობაზე გავლენის მოხდენის და არა მოცემული საკითხის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით დადასტურების მიზნით განხორციელებული. როგორც წინარე წერილში აღვნიშნე, ჩემთვის, როგორც მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის, სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების უმწიკვლოდ და ობიექტურად ფუნქციონირება და შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ნებისმიერი, თუნდაც დაუსაბუთებელი კითხვა უნდა იყოს მოხსნილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საკითხის ირგვლივ კითხვის ნიშნების გაფანტვის მიზნით, უარს ვამბობ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე. ასევე გაცნობებთ, რომ წინამდებარე წერილი ასევე მატერიალურად ჩაბარდება საქართველოს პარლამენტის კანცელარიას“,- ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვაში.
შეგახსენებთ, ზაზა თავაძემ 22 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენის გადადების თხოვნით მიმართა.
ზაზა თავაძე განხილვის შეჩერების თხოვნის მიზეზად განათლების მაგისტრის ხარისხთან შესაბამისობის დადგენისთვის საჭირო პროცედურებს ასახელებდა.