რომან კაკულია: ტრანს ანატოლიური მილსადენის პროექტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით ტრანს ანატოლიური მილსადენის პროექტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აქვს.

“ტრანს ანატოლიური მილსადენის პროექტი, “TANAP”-ის სახელწოდებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შესძენს ჩვენს ქვეყანას. თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, ბუნებრივი აირის ნაკადის აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაშვება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს რეგიონში აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც აკავშირებს აზიას და ევროპას ერთმანეთთან. ამაზე ბევრჯერ თქმულა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმა მნიშვნელოვნად საჭიროა. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საერთაშორისო პოლიტიკის წარმოების პროცესში ყოველთვის წამყვანი როლი ეკავა სატრანსპორტო კულტურებისადმი წვდომის საკითხებს და ის ქვეყნები ახერხებენ სწორ და გრძელვადიან, სტაბილურობაზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ამ რეალობის გათვალისწინებით მოძრაობენ საერთაშორისო პოლიტიკაში. ამდენად, პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2026 წლამდე უკვე 31 მილიონ კუბომეტრამდე იგეგმება გატარება, ცხადია არამარტო ეკონომიკური მნიშვნელობისაა, არამედ კიდევ ერთი ნაბიჯია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის დაცულობისაკენ მიმართული,”- განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის, გუშინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – ტრანს ანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) გახსნა. “TANAP”-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის – 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2026 წლამდე – 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე. საქართველო წლიურად 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები