იენს სტოლტენბერგი: საქართველოსა და უკრაინაზე განხორციელებულ აგრესიაზე პასუხისმგებელი რუსეთია
“ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც პასუხისმგებელია მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე. ვგულისხმობ საქართველოსა და უკრაინას”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ნატო-ს წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული ქმედება არ ყოფილა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ალიანსმა თავდაცვის გაძლიერება განაგრძოს.
„დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ნატო-ს მოკავშირეების მიმართ გარდაუვალი თავდასხმის საფრთხეს. თუმცა, ჩვენ ვხედავთ სტრატეგიულ გამოწვევას. ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც მნიშვნელოვან ინვესტიციებს აბანდებს ახალ სამხედრო ტექნოლოგიებში, მათ შორის ხდება ბირთვული ძალების შესაძლებლობების გაზრდა და განახლება. რუსეთი არღვევს ევროპაში შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმების მთავარ პრინციპებს. რუსეთი აგრძელებს ისეთი რაკეტების დისლოცირებას, რომლებსაც ევროპის ქალაქებამდე მისაღწევად სულ რამდენიმე წუთი სჭირდებათ. ეს არის რაკეტები, რომლებსაც აქვთ ბირთვული შესაძლებლობები. ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც პასუხისმგებელია მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე. ვგულისხმობ საქართველოსა და უკრაინას. ასევე, რუსეთს უნებართვოდ ჰყავს სამხედრო ძალები მოლდოვაში. რუსეთის მხრიდან ნატო-ს წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული ქმედება არ გვინახავს. მაგრამ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნატომ განაგრძოს თავდაცვის გაძლიერება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.