სოსო არჩვაძე: 2019 წლის ოქტომბერში ეკონომიკურ ზრდას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ

„2019 წლის ოქტომბერში შენარჩუნდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საკმაოდ დამაიმედებელი – 5.7-პროცენტიანი ტემპი”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.

მისი თქმით, აღნიშნული ეკონომიკური ზრდა მით უფრო თვალსაჩინოა, რომ მას ადგილი ჰქონდა გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების პარალელურად.

„2019 წლის ოქტომბერში შენარჩუნდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საკმაოდ დამაიმედებელი – 5.7-პროცენტიანი ტემპი, რაც წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელს (5.1%) 0.6 პუნქტით აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა (ამ მხრივ, საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის ივლისთან 6.1% შეადგინა), მაინც მიმდინარე წლის მეათე თვეში წინა ცხრა თვის საშუალო თვიურ მაჩვენებელთან შედარებით 30 მილიონი ლარით მეტი დამატებული ღირებულება იქნა წარმოებული.

აღნიშნული ეკონომიკური ზრდა მით უფრო თვალსაჩინოა, რომ მას ადგილი ჰქონდა გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების პარალელურად (საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკის ზრდის თავისივე საპროგნოზო მაჩვენებელი 2019 წლისთვის შეამცირა 0.3 პუნქტით – 3.3%-დან 3.0%-მდე), საგარეო გამოწვევებისა და შიდაპოლიტიკური ვითარების გამო. აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის საკმაოდ მაღალ ხარისხს ნეგატიური მოვლენების, გამოწვევებისა და გარემოებებისადმი.

ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი, 2008 წლის მეთოდოლოგიით კლასიფიცირებულ ეროვნული ეკონომიკის ისეთ დარგებში, როგორებიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სასტუმროები და რესტორნები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია (ტელეკომუნიკაციების საქმიანობების ზრდა; კინოფილმების, ვიდეო და სატელევიზიო პროგრამების წარმოება, ხმის ჩაწერის და მუსიკალური გამოცემის საქმიანობების ზრდა), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. აღნიშნულ დარგებში იქმნება ქვეყნის მშპ-ის 3/5-ზე მეტი.

2019 წლის ოქტომბერში ეკონომიკურ ზრდას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. ოქტომბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 4.5 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 316.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტი იმავე პერიოდში შემცირდა 2.1 პროცენტით და 847.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2019 წლის ოქტომბერში 43.0 პროცენტს მიაღწია და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით მთელი 8.0 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა (ექსპორტით იმპორტის გადაფარვა 2018 წ. ოქტომბერში – 35.0%). ამასთანავე, უარყოფითი სალდოს მოცულობა 12 თვის მანძილზე შემცირდა 563.9 მლნ აშშ დოლარიდან 531.1 მლნ აშშ დოლარამდე, ანუ 5.8 პროცენტით.

ექსპორტით იმპორტის გადაფარვის ზრდა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ იმპორტმა 2019 წლის ოქტომბერში, მიუხედავად წინა წლის შესაბამის თვესთან შემცირებისა, 2019 წლის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და წინა ცხრა თვის საშუალო თვიურ მაჩვენებელს 17.7 პროცენტით გადააჭარბა. ექსპორტი გაცილებით სტაბილური ზრდის ტემპით ხასიათდებოდა და ოქტომბერში მისმა მოცულობამ წინა ცხრა თვის საშუალო თვიურ მაჩვენებელს „მხოლოდ” 4.8 პროცენტით გადააჭარბა.

2019 წლის ოქტომბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 14.0 პროცენტით გაიზარდა, რაც აღემატება აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკის ნომინალური ზრდის მაჩვენებელს და ადასტურებს ეროვნული ეკონომიკის ზრდაში სამეწარმეო სექტორის სულ უფრო მზარდ როლს. ამასთანავე, ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 4232 ერთეულს მიაღწია, ანუ ყოველდღიურად რეგისტრირდებოდა 137 ახალი საწარმო – ყოველ 10-11 წუთში – თითო ახალი საწარმო.აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში, ამა წლის მესამე კვარტლის სამივე თვის განმავლობაში (ივლისი-სექტემბერი) ტურიზმიდან შემოსავლების კლების შემდეგ პირველად დაფიქსირდა ასეთი შემოსავლების ზრდა 5.2 პროცენტით (13.2 მლნ აშშ დოლარით).

ოქტომბერში დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც. კერძოდ, უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილები წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 11.5%-ით გაიზარდა და 153.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (წმინდა უცხოური გზავნილების მატებამ, შესაბამისად, 12.5% და 130.8 მლნ აშშ დოლარი). ლარში დენომინირებით წმინდა უცხოურმა გზავნილებმა ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 25.4 პროცენტით მოიმატა და 387.9 მლნ ლარს მიაღწია. ფულადი გზავნილები სულ უფრო მეტად იძენენ საინვესტიციო დატვირთვას და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის მაკროეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში.

ეკონომიკური ზრდის სამი უმნიშვნელოვანესი კომპონენტიდან (რეფორმებზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა თავისი უმნიშვნელოვანესი მდგენელებით – მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით, საგარეო ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, შიდა პოლიტიკური სტაბილურობა) სულ ცოტა, ორი ჩვენს პროფესიონალიზმზე, პატრიოტიზმზე, კეთილგონიერებასა და ეროვნულ კონსენსუსზეა დამოკიდებული. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება და ეფექტიანი გამოყენება შესაძლებლობას მოგვცემს უზრუნველვყოთ ეკონომიკის სწრაფი ზრდაც, ნეგატიური შიდა თუ გარე ფაქტორების მინიმიზაციაც და საგარეო ბაზრებზე ქართული პროდუქციის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება”, – წერს სოსო არჩვაძე.

ინფორმაციისთვის, საქსტატმა 2019 წლის ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით გასული თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა. 2019 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 5.1%-ით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები