ირაკლი ღარიბაშვილი: “ნაცმოძრაობა” რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალაა, რომელიც ქვეყანას საფრთხეს უქმნის
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ჩვეული გულწრფელობით, ამომწურავად უპასუხა ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ბატონმა ბიძინამ, ჩვეული გულწრფელობით, სრულად გასცა ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს და ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას და ცილისწამებას, რომელიც მომდინარეობს ყველაზე რადიკალური, დესტრუქციული და შეიძლება ითქვას, ექსტრემისტული ოპოზიციად წოდებული ძალისგან”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, დღეს ქვეყანას აქვს რამდენიმე პრობლემა და მათგან ერთ-ერთი ყველაზე მთავარია ის საფრთხე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მომდინარეობს.
“დღეს, გარდა ოკუპაციისა, ეკონომიკური სიდუხჭირისა და უმუშევრობის გამოწვევებისა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, აქტუალური გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას და მშვიდობას წინ უდგას არის საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. მათი ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება აბსოლუტურად დაუშვებელია. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, იმაზე უფრო მეტად ძლიერი ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, რომ ადეკვატური პასუხი გასცეს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც მომდინარეობს ამ საფრთხის შემცველი რადიკალური ძალის მხრიდან”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.