“თბილისის მიკროავტობუსი” მზადაა 2020 წლიდან მიკროავტობუსების პარკის განახლება დაიწყოს, თუ ეს მგზავრობის ტარიფზე აისახება
“თბილისის მიკროავტობუსის” გენერალური დირექტორის, დავით ასანიძის თქმით, კომპანია მზად არის 2020 წლიდან მიკროავტობუსების პარკის განახლება დაიწყოს, თუ ეს მგზავრობის ტარიფზე აისახება. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, დოლარის კურსის ცვლილების მიუხედავად მგზავრობის ტარიფები დღემდე არ შეცვლილა, კომპანიას კი უკვე 150 მილიონამდე ზარალი აქვს.
“2011 წელს, როდესაც კომპანიამ ლიცენზია მოიპოვა, დოლარის კურსი 1.65-ზე იყო, მაშინ მიკროავტობუსების განახლებაში თითქმის 63 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო. თუმცა, დოლარის კურსის ცვლილების მიუხედავად მგზავრობის ტარიფები დღემდე არ შეცვლილა, კომპანიას კი უკვე 150 მილიონამდე ზარალი აქვს, საიდანაც 50 მილიონი დოლარის კურსის გაუფასურების გამოა.
ქალაქის ხელმძღვანელობასთან ამაზე ყოველთვის გვქონდა საუბარი და გაგებით ვეკიდებოდით იმ სოციალურ სიტუაციას, რაც ქალაქშია. ვცდილობდით, მაქსიმალურად ისე გადაგვეტანა ეს, რომ არ გაძვირებულიყო მგზავრობა. დღეისათვის კომპანიამ სხვა გამოსავალი მონახვა ვერ შეძლო”, – თქვა დავით ასანიძემ.
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2020 წლიდან ყვითელი მიკროავტობუსები ეტაპობრივად უნდა ჩანაცვლდეს.