სინოდის რეკომენდაციის მიუხედავად, ადვოკატს დეკანოზის შეწყალების არ სჯერა – “მისი თავისუფლება არც სასულიერო და არც საერო პირებს არ სურთ”
საქართველოს პრეზიდენტის მიერ 18 სექტემბერს შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმი დასრულდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა.
ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები.
შეწყალების წესის არსიდან გამომდინარე, პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თითოეულ საქმეზე გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დარგის სპეციალისტებთან.
შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებას წინ პრეზიდენტის მიერ რამდენიმე სკანდალური შეწყალება უძღვოდა. მაგალითად, მორატორიუმის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, 17 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულზე მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომლის ექსტრადიციას საქართველოს მთავრობა 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.
მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს და 11 წელი ჰქონდა მისჯილი.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
გახდება თუ არა შეწყალებაზე მორატორიუმის დასრულება ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომლის შედეგად სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ მოხდება პრეზიდენტისადმი რეკომენდაციით შუამდგომლობა დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით.
როგორც “კვირასთან” საუბარში, პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმის დასრულების და მოლოდინების შესახებ საუბრისას დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, სინოდის გადაწყვეტილება ჩვეულებრივ ფორმალობას წარმოადგენდა, რადგან მისთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტს ეკლესიიდან უკვე მიმართეს, რომ არ მოხდეს მსჯავრდებული მამალაძის შეწყალება.
“საპატრიარქოს რეკომენდაციაში არანაირი ნიშანი არ იყო იმის, რომ ეს თავის შედეგს გამოიღებდა. როდესაც პრეზიდენტად იქნა არჩეული ჩვენ მივმართეთ მას, მანამდე ორჯერ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც და სამივეჯერ უარი გვითხრეს. დასაბუთებული ვარაუდით, უარის თქმა იყო საპატრიარქოდან შორენას და მისი ჯგუფის მოთხოვნა.
საპატრიარქოს მიერ მიღებული რეკომენდაცია თავიდანვე აბსურდული იყო, იმიტომ რომ პრეზიდენტს მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული და ამ დროს საპატრიარქოს წევრები აცხადებდნენ, რომ “ჩვენ მივმართეთ”. მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ არის მოთხოვნა საპატრიარქოდან, რომ შეწყალება არ მომხდარიყო. საჯაროდ არის გაკეთებული განცხადება, რომ წმინდა სინოდმა რეკომენდაციით მიმართა. XXI საუკუნეში კომუნიკაციის მილიონი ხერხი არსებობს როდესაც გადაწყვეტილება არის მისაღები. გადაფარვის მცდელობაა.
აქამდე თუ იყო კითხვის ნიშნები,რომ არ ჰქონდათ პოზიცია – მამობრივი, მართლმადიდებლური, ახლა თითქოს დააფიქსირეს. ყველანი თავიდან გამოძიებას დიდ ნდობას უცხადებდნენ, ბოლო დროს კი, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ამბობდნენ, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა, აქ უკვე არის სხვაობა სასულიერო პირების პოზიციებს შორის. მათი ვალდებულებაა იქადაგონ და მხოლოდ სიმართლე ისაუბრონ. მერე ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვეულებრივი ფორმალური გადაწყვეტილება მიიღეს. დეკანოზის თავისუფლებაზე ყოფნა არ უნდა არც სასულიერო და არც საერო პირებს”, – განმარტა რამიშვილმა.
მისივე თქმით, დეკანოზის გათავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის დანაშაულს აღიარებს.
“მიტევების დღესასწაულზე დამიკავშირდა ანდრია ჯაღმაიძე, არამგონია იკადროს და გაბედოს ამის უარყოფა. სიონის ტაძარში შევხვდი. სასულიერო პირებთან ერთად იყო მობრძანებული და თქვა, რომ როგორ ნერვიულობენ საპატრიარქოში დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მოდიო, შეგვიძლია დაუყოვნებლივ რეკომენდაცია გავუწიოთო, მაგრამ მანამდე უნდა ვთხოვოთო რომ დაწეროს, რომ დანაშაული მან ჩაიდინაო და შორენა, იაკობი არაფერ შუაში არიანო. ამას თუ საჯაროდ დაწერს, ჩათვალე რომ იქნება თავისუფლებაშიო”, – განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა.