სუს-ი: გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი ,,კამიტის’’ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა, სადაც სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ე.წ. „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.
ამასთან, მაღრაძე განმარტავს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ,,კამიტის’’ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია.
„გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი ,,კამიტის’’ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები. “ბიბისის“ ავტორებთან ერთად მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად“- ნათქვამია განცხადებაში.