მედიაწიგნიერების წარმატებული თამაში “Happy Onlife” უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი

მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ევროკავშირის 8 ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად აღიარებული ონლაინაპლიკაცია და სამაგიდო თამაში “Happy Onlife” უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი.

კომუნიკაციების კომისიამ “Happy Onlife”-ის ადაპტირებული ვერსია შექმნა და ქართულ ენაზე თარგმნა. დღეიდან ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ აპლიკაციის საშუალებით, გაეცნონ ციფრული მედიის უსაფრთხოდ გამოყენების წესებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, აპლიკაციის მიზანია ბავშვებმა და მოზარდებმა თამაშით ისწავლონ ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი. ამავდროულად “Happy Onlife” ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს აქტიურად იზრუნონ ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და დაიცვას ისინი კიბერბულინგისგან.

“Happy Onlife”-ის აპლიკაციის გადმოწერა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია, IOS და ANDROID სისტემების მობილურ მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებში.

გარდა ონლაინაპლიკაციისა, კომუნიკაციების კომისიისა და განათლების სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობით, „Happy Onlife”-ის სამაგიდო თამაშით, საქართველოს სკოლებში ისწავლიან. თამაში გათვლილია, როგორც დაწყებითი, ასევე უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის. პირველ ეტაპზე „Happy Onlife”-ით ათამდე სკოლაში შეძლებენ სწავლას. თუმცა, ონლაინ აპლიკაცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის.

2018 წელს კომუნიკაციების კომისიას საქართველოს კანონით მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის ფუნქცია დაეკისრა. კომუნიკაციების კომისია განათლების სამინისტროსთან ერთად, 2019 წელს მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, 5 პროექტს განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები