გია ბარამიძე: მგონია, რომ ჩვენ მივაღწევთ ჩვენი მოთხოვნების შესრულებას
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გია ბარამიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია “ქართული ოცნების” წინადადებას დასთანხმდა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა, ბიძინა ივანიშვილი მარცხდება, რადგან მას 20% დარჩება, ოპოზიცია კი, 70%-ს მიიღებს.
“ყველა ვარიანტში ბიძინა ივანიშვილი შეიძლება კიდევ უფრო დამარცხდეს. რაც მეტად ფართხალებს მის მიერვე შექმნილი სიღარიბის, გაჭირვების, უმუშევრობის, ტყუილების, კრიმინალის და კორუფციის ჭაობში, მით მაგრად ჩაიხრჩობა. მითუმეტეს, როდესაც ამდენი ოპოზიციური ძალა არის ერთად. გამორიცხულია, ივანიშვილს არანაირი შანსი არ აქვს თუ ჩვენ რაიმე შეცდომას არ დავუშვებთ”, – განაცხადა ბარამიძემ.
კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ოპოზიციის ნაწილი “ქართული ოცნების” მიერ დღეს შეთავაზებულ წინადადებას დათანმხდეს და მაჟორიტარები დააყენოს, ბარამიძე ამბობს, რომ “იქამდე მივიდეთ და შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ ზოგიერთ პარტიას “ვცადოთ”, ეგ უკვე “სუფთა ტაქტიკის ამბავია”.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი დამარცხდება.
“მგონია ჩვენ მივაღწევთ ჩვენი მოთხოვნების შესრულებას. მაგრამ დავუშვათ და ვერა. ჩვენ იმასაც მოვახერხებთ, რომ ყველა უბანზე მაჟორიტარს დავაყენებთ ოპოზიციიდან ნებისმიერი პარტიიდან. ერთ მხარეს იქნება ივანიშვილი და მეორე მხარეს ოპოზიცია. ყველა შემთხვევაში აქეთ არის 70%, მათ მხარეს მაქსიმუმ 20%, ამიტომ ყველა ვარიანტში დამარცხდება ივანიშვილი უფრო მაგრად”, – განაცხადა ბარამიძემ.