ზაალ უდუმაშვილი: დღეს აქციაც იქნება, პიკეტირებაც იქნება, დაგვშლიან? ხვალ კიდევ მოვალთ

დღეს აქციაც იქნება, პიკეტირებაც იქნება, დაგვშლიან? ხვალ კიდევ მოვალთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

“ხელისუფლება რომ არაადეკვატურია, დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა იმ განცხადებით, რომელიც გააკეთებინეს კახი კალაძეს. პრაქტიკულად, ხელისუფლებამ ყველა გზა მოიჭრა ხალხთან სალაპარაკოდ. განაცხადა, რომ საერთოდ არ აპირებს არანაირი ცვლილებების განხილვას, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არა “ნაციონალურ მოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს”, “ლელოს” ან რომელიმე კონკრეტულ პარტიას დაუპირისპირდა, არამედ ამ ხალხს დაუპირისპირდა და უთხრა, რომ მე ამ ქვეყანაში რასაც და როგორც მინდა ისე გავაკეთებ. ახლა არჩევანი ჩვენზეა, რა პასუხს გავცემთ. დღეს აქციაც იქნება, პიკეტირებაც იქნება. დაგვშლიან? ხვალ კიდევ მოვალთ. თუ იმ სურათის ნახვა უნდა ივანიშვილს, რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს, ყოველდღიურად როგორ არბევენ მშვიდობიან მომიტინგეებს თბილისის ცენტრში, კი ბატონო, იქნება ეს სურათი, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დათმობას არ ვაპირებთ იმიტომ, რომ მეტი გამოსავალი არ დაგვიტოვა. სამართლებრივი გზა აღარ არსებობს უკვე, გარდა იმისა, რომ ქუჩაში გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი,” – განმარტა უდუმაშვილმა.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები