თამარ ტალიაშვილი: ბოქლომიანმა წარსულის ქიმერებმა ჩვენი დღის წესრიგი არ უნდა შეცვალონ

საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ოპოზიციის მიერ სახელმწიფო უწყებებზე ბოქლომის დადებით გამოხატულ პროტესტს საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მათი ქცევა დესტრუქციაა, რომელიც მმართველ ძალას სამოქმედო გეგმას ვერ დააშორებს.
„ეს არ არის პროტესტი, ეს არის დესტრუქცია. კონკრეტული ქცევა – კონკრეტული ჯგუფის სახელით. მათმა დესტრუქციულმა ქცევამ ჩვენ მთავარ სამოქმედო გეგმას არ უნდა დაგვაშოროს. ჩვენი პასუხი ამ დესტრუქციაზე თბილისის 2020 წლის რეკორდული ბიუჯეტია – მილიარდ ოცი მილიონი ლარი და ის უპრეცედენტო პროექტებია, რომლებსაც ამ ბიუჯეტით განვახორციელებთ”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
საკრებულოს წევრი საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში განსახორციელებელ პროექტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საზოგადოების დაკვეთა მსგავსი ინიციატივების შესრულება და არა ოპოზიციის მხრიდან არსებული დესტაბილიზაციის გეგმაა.
“მაგალითად, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში (ყოფილი თემქა) დავიწყეთ მრავალმილიონიანი პროექტი, რომელიც ძირეულად აუმჯობესებს თბილისის ამ ერთ-ერთი უმსხვილესი უბნის მცხოვრებელთა სოციალურ და ეკონომიკურ ყოფას. გავაგრძელოთ მუშაობა? რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ! გავაგრძელოთ ავარიული შენობების გამაგრება, საგზაო ინფრასტრუქტურის, მეტროს, ავტობუსების მოდერნიზება, საბავშო ბაღების, მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, ოპერაციებისა და სამკურნალო პროგრამების, სოციალური თუ სახელოვნებო პროექტების განხორციელება? რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ!” – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა, აღნიშნული მიმართულებით თბილისის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ის რეკომენდაციებიც წარმოადგინა, რომელიც სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას, დედაქალაქის კულტურის სტრატეგიის დოკუმენტს, ასევე, კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ და სახელოვნებო საგანმანათლებლო პროექტებს შეეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები