ორსულ გოგონას, რომელიც საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვდა, ახალციხელი ახალგაზრდა ყოველთვიურად 300 ლარს ჩაურიცხავს

20 წლის ფეხმძიმე გოგონას, რომელიც “რეგიონულ კვირას” დაუკავშირდა და საზოგადოებას დახმარება სთხოვა, ახალციხელი მამაკაცი ყოველთვიურად ბინის ქირას გადაუხდის. კაცმა ანონიმურად დარჩენა ისურვა და ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მზად არის ყოველთვიურად 300 ლარი ჩაურიცხოს, რომლითაც მომავალი დედა ბინის დაქირავებას შეძლებს და ახალშობილის ღია ცის ქვეშ გაზრდა არ მოუწევს.
„ამ გოგონას ისტორია “კვირას” ფეისბუქგვერდიდან გავიგე. შემზარა ამ ამბავმა. გული მეტკინა ძალიან. ძნელია ასეთი ისტორიების გულგრილად მოსმენა. გთხოვთ, მომცეთ ამ გოგონას საკონტაქტო ნომერი და რეკვიზიტები მესაჭიროება, რომ ყოველი თვის ბოლოს ჩავურიცხო 300 ლარი. თანხა დიდი არაა, მაგრამ ალბათ, რამეში წაეშველება. მსურს, რომ ბინა იქირაოს და პატარა ნორმალურ პირობებში გაიზარდოს.
ასევე შემიძლია ჩემთან წამოვიყვანო, მაქვს მეორე სახლი, სადაც არავინ არ ცხოვრობს იქ დედაჩემია და მიეხმარება გაზრდაში ყველაფერი მის სურვილზე იქნება დამოკიდებული. გთხოვთ, ჩემი ვინაობა არ გაამხილოთ“, – თქვა პირად საუბარში ახალგაზრდამ.
ახალციხელი მამაკაცის გარდა, მედიაჰოლდინგ “კვირას” ფეისბუქგვერდზე საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც დახმარების სურვილი გამოთქვა. “რეგიონული კვირა” ფეხმძიმე გოგონას დაუკავშირდა და გაარკვია, რომ მისი ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ, არაერთი კეთილისმსურველი გამოჩნდა მის ცხოვრებაში.
„დამირეკა უცნობმა მამაკაცმა საბანკო რეკვიზიტები მომთხოვა და გადავუგზავნე. მითხრა, რომ ყოველი თვის ბოლოს 300 ლარს დამირიცხავს და მთხოვა, ბინა დავიქირაო. გამამხნევა კიდეც, ნუ შეგეშინდება ქირის გადასახადისო. ძალიან გახარებული ვარ.
მას შემდეგ, რაც ჩემი ისტორიის შესახებ დაწერეთ, უმარავი ადამიანი გამომეხმაურა. ზოგი თანხას მირიცხავს, უმეტესი ნაწილი ტანსაცმლითა და სათამაშოებით მეხმარება. გუშინ 90 ლარი დამირიცხეს და ამ დღეებში კონსულტაციაზე მიწევს წასვლა, ექიმის ფულიც მაქვს. უკვე აღარ მეშინია.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, რადგან საზოგადოებას მიაწოდეთ ჩემი გაჭირვების შესახებ ინფორმაცია და ასევე, უღრმესი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომლებმაც გულთან ასე ახლოს მიიტანეს ჩემი ტკივილი”, – უთხრა გ.კ.-მ “რეგიონულ კვირას”

შეგახსენებთ, რომ 20 წლის გორელი გოგო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, დედამ იმის გამო გამოაგდო სახლიდან, რომ შეყვარებულისგან დაფეხმძიმდა. ორსულობის ამბის გაგების შემდეგ, შეყვარებულმა მიატოვა, ბავშვის მამობაზეც უარი თქვა და გოგონას თქმით, მასთან მიახლოებაც აუკრძალა. მძიმე სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, თვითმკვლელობაც სცადა, თუმცა დამ დროულად მიუსწრო და გადაარჩინა. გოგონა დახმარების თხოვნით “რეგიონულ კვირას” დაუკავშირდა, იმედით, რომ საკუთარი ისტორიის მოყოლის შემდეგ, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ მცირედით მაინც შეიცვლებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები