ირაკლი ჩიქოვანი: ყველა მოწოდება, რომელიც მიმართულია კანონის დარღვევაზე, არის უპასუხისმგებლობა

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, და საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, მიმდინარე აქციებზე, სადაც კანონის დარღვევაზეა მოწოდებები, უპასუხისმგებლობაა.
​მან მთავრობის სხდომის შემდეგ, ყურადღება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზეც გაამახვილა.
„ყველა მოწოდება, რომელიც მიმართულია კანონის დარღვევაზე, არის უპასუხისმგებლობა. ამ ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი და მუდამ იქნება. ​რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების ზეგავლენას საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებზე და მის სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამ გადაწყვეტილებას სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში ეფექტი არ ექნება, ვინაიდან საქართველო აგრძელებს სვლას დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით. რიგ შემთხვევაში, ამ მიმართულებით არსებობს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უფრო მეტი მოლოდინის მქონეა საერთაშორისო თვალსაზრისით, თუმცა, ვიცით, რომ 2024 წლიდან საქართველო ისედაც გადადის პროპორციულ სისტემაზე. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ამ ხელისუფლების მხრიდან და ვერც ერთი სხვა ხელისუფლება ადრე ვერ იღებდა, ამას ჰქონდა უპრეცედენტო ხასიათი. ​ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით პარტნიორებთან, რა ვითარება და მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ ეხება მხოლოდ იმ მდგომარეობას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარდებოდა თბილისში. ზოგადად, ასეთ კომუნიკაციაში ვართ პარტნიორებთან. გადაწყვეტილებამ, რომელიც იქნა მიღებული პოლიტიკური ძალის მხრიდან, სამწუხაროდ, ვერ მიიღო სრული მხარდაჭერა პოლიტიკური გუნდის. ამასთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული ცვლილებები, რაც გასაგებია. ზოგიერთმა წევრმა დატოვა უმრავლესობის რიგები, რაც გასაგებია და არ არის მისასალმებელი ფაქტი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები