ქუთაისში სტუდენტური აქციის ორგანიზატორი: ახლა დავიშლებით, დავისვენებთ და ხვალ ისევ შევიკრიბებით

0

ქუთაისში სტუდენტური აქციის ორგანიზატორის მიხეილ გეგეშიძის თქმით, აქცია დასრულებულია და დასვენების შემდეგ, ისინი ხვალ 18:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან.

“დღევანდელი აქცია შედგა, ახლა დავიშლებით, დავისვენებთ და ხვალ ისევ შევიკრიბებით მესხიშვილის თეატრთან 18:00 საათზე”, – თქვა გეგეშიძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება და მანამ გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

ქუთაისელი სტუდენტების აქციას პოლოტიკოსებიც შეუერთდნენ, ისინი თბილისის აქციების მოთხოვნებს იზიარებენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.

ცნობისთვის, დედაქალაქში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა მიმდინარეობს. მომიტინგეებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებაც მოახდინეს, თუმცა გუშინ რობოკოპებისა და წყლის ჭავლის მანქანების გამოყენებით ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვები დაშალა და აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალება აღარ მისცა. თუმცა აქცია პარლამენტის წინ მაინც გაგრძელდა და შეკრებილების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი