სეს-მა გლდანის ბაზრიდან ამოღებული საკვებად უვარგისი ხორცი გაანადგურა

0

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გლდანში, ე.წ თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის განთავსებისა და რეალიზების შემთხვევები გამოვლინდა.

უწყებებმა გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს, კერძოდ, ხორცი რეალიზაციიდან ამოიღეს და გაანადგურეს.

“გლდანის ტერიტორიაზე ე.წ თიანეთის ბაზართან გამოვლინდა არაორგანიზებულ ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი ხორცისა და ხორცპროდუქტების რეალიზაციის ფაქტი. კანონიდან გამომდინარე, აღნიშნული ხორცი ამოღებულ იქნა სარეალიზაციო დახლიდან შემდგომ განადგურების მიზნით, “- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილ კვერნაძემ.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და მავნე სურსათის რეალიზების აღკვეთის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამსახურთან.

კომენტარები

კომენტარი