ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს ვერ აქრობენ – სოხუმი, გაგრა, გუდაუთა, ახალი ათონი შავი ნისლით არის დაფარული(ფოტო,ვიდეო)

სოხუმის უღელტეხილსა და სოფელ ფსხუს ტყეში 10 ნოემბერს გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძრის ქრობაში რუსული ავიაცია ჩაერთო.

როგორც ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აცხადებენ, ავიაციის ჩართვის შემდეგ ცეცხლის გავრცელების არეალი ცოტათი შემცირდა, თუმცა არ აზუსტებენ რამდენი ჰექტარით.

ე.წ. მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციათა პირადი შემადგენლობა, მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი. ხანძარი გავრცელდა ასევე ფსხუ-გუმისტის ნაკრძალშიც.

გუდაუთელი მეტყევე გენადი სიჭინავა აცხადებს, რომ „ცოცხალი ბანკი“ იწვის, რომლის ერთ ჰექტარზე 17 ათასი ახალი ნერგია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი მაღალ ხეებს არ შეეხო, იწვის შედარებით ახალგაზრდა ნერგები, რომლებიც 50 წელიწადში ძველებს ჩაანაცვლებდნენ.

მისივე თქმით, ხანძრის გამო ცხოველებიც ზარალდებიან, „ხუთი წელიწადი დასჭირდება, რომ ისინი ჩვეულ გარემოში დაბრუნდნენ“.

ტყის ხანძრები სოხუმში, გაგრაში, გუდაუთაში, ახალ ათონსა და სხვა ქალებსა თუ სოფლებში შავი ნისლის გავრცელების მიზეზი გახდა.

ამასთან, როგორც სოჭის მერმა ალექსი კოპაიგოროდსკიმ განაცხადა, აფხაზეთის ხანძრები ადლერის რაიონში დაკვამლიანების მიზეზი გახდა. კურორტზე 13 ნოემბრიდან განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმია ამოქმედებული, ლაზარევსკის რაიონში კი, ტყის მასივის მონაკვეთი იწვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები