IRI – 78% მიიჩნევს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 78 პროცენტს, რომელსაც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ სმენია, აღნიშნულ ცვლილებას ემხრობა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, მთავარი უპირატესობის მქონე ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გარდა ამისა, გამოკითხულთა 78 პროცენტი მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს.

“იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩეველთა 61 პროცენტი არჩევნებისთვის ეკონომიკურ პროგრამაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ერთი მესამედი ჯერ ისევ გადაუწყვეტელია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი პირველი არჩევანი, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეიმუშავებენ თანმიმდევრულ და მიმზიდველ ეკონომიკურ პლატფორმას, ყველაზე დიდი შანსი ექნებათ, შექმნან საპარლამენტო უმრავლესობა“,- აღნიშნულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაში.

კვლევის საველე სამუშაოები კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობა საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა მიიღო. კვლევის ცდომილება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს არ აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები