არასამთავრობოები ხელისუფლებას ერთობლივი განცხადებით მიმართავენ
არასამთავრობო ორგანიზაციები მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე, ხელისუფლებას მოწოდებით მიმართავენ.
8 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას აქციის მონაწილეთა მიმართებით ძალის გამოყენების ნებისმიერ ფორმასა და სიტუაციის ესკალაციაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სრული პოლიტიკური დესტაბილიზაცია და მოვლენათა შემდგომი განვითარება ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა მოაქციოს.
„საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებების შესაბამისად იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში დემოკრატიული პრინციპების მიხედვით, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით. მიიღოს პრევენციული ზომები სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბების ყოველგვარი რისკის გასანეიტრალებლად. იმოქმედოს პოლიტიკური ანგარიშვალდებულების შესაბამისად, აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და მათი ჩართულობით უზრუნველყოფით დაიწყოს მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად“,-ნათქავამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“.