ვახტანგ მალაყმაძისადმი მიძღვნილი წიგნის წარდგენა გაიმართება

19 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში (ეროვნული ბიბლიოთეკის მე-2 კორპუსი) ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემის, ვახტანგ მალაყმაძისადმი მიძღვნილი წიგნის, წარდგენა გაიმართება.
მეცნიერი, მწერალი და პოეტი ჰაირი ჰაირიოღლუ (ვახტანგ მალაყმაძე) დაიბადა ქართველ მუჰაჯირთა ოჯახში, სოფელ ჰაირიეში. ამავე სოფლიდან იყო მისი მეგობარი და ქართველი კულტურული მოღვაწე აჰმედ ოზქანი (მელაშვილი). წლების განმავლობაში მუშაობდა თურქეთის სამოქალაქო თავდაცვის სფეროში სხვადასხვა თანამდებობაზე. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას; აგროვებდა თურქეთის ქართველების ფოლკლორულ ნიმუშებს, იკვლევდა მუჰაჯირობის ისტორიას; 1968 წელს აჰმედ ოზქანთან ერთად გამოსცა წიგნი „გურჯისტანი“.
ჰაირიოღლუმ თურქულად თარგმნა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“, მოამზადა, თარგმნა და ორ ტომად გამოსცა „ქართული საბავშვო ზღაპრები“, ასევე მუჰამედ ვანილიშისა და ალი თადილავას „ლაზების ისტორია“ (1992 წ.), ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ბერძენიშვილისა და სიმონ ჯანაშიას შრომების მიხედვით მომზადებული „საქართველოს ისტორია“ (1997) და სხვ.
​რამდენიმეჯერ ეწვია საქართველოს, პირველად – 1977 წელს.
გარდაიცვალა 2003 წელს, დაკრძალულია ქალაქ ინეგოლის სასაფლაოზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები