“ნათია ჯანაშიას პირველივე მცდელობა, ნარატივი არგუმენტით გაამაგროს, წარუმატებელი აღმოჩნდა” – გიორგი ცუცქირიძე
“ჩემი ყურადღება მიიპყრო რამდენიმე დღის წინ ნათია ჯანაშიას მირ გავრცელებულმა სტატიამ სათაურით – „სამი დოკუმენტი, ერთი გარიგება“, სადაც იგი ცდილობს დაამტკიცოს, რომ 2019 წლის ტრანზაქცია არ იყო მხოლოდ 30-მილიონიანი წილის ნასყიდობა, არამედ გაცილებით ფართო საინვესტიციო გარიგება, რომლის ფარგლებშიც ინვესტორს კონკრეტული ვალდებულებები ჰქონდა აღებული. ვიფიქრე, რომ ბოლოს და ბოლოს საზოგადოების წინაშე გამოჩნდა არგუმენტები, რომლებსაც “ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან” დაკავშირებულ დავაში, ნათია ჯანაშია რეალურად ეყრდნობოდა და დღემდე რატომღაც არ წარმოადგენდა. გავეცანი, თუმცა უნდა ითქვას, რომ მისი პირველივე მცდელობა, ნარატივი არგუმენტით გაამაგროს, წარუმატებელი აღმოჩნდა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომელიც “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე გახმაურებულ დავის თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ნათია ჯანაშიას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები მისივე პოზიციის საწინააღმდეგოდ ამეტყველდა.
“ნათია ჯანაშიას სტატიის ცენტრალური თეზა ეფუძნება მოსაზრებას, თითქოს ე.წ. ოქროყანის მიწა გარიგების ფარგლებში „ნულოვან ღირებულებად“ იყო შეფასებული. მაგრამ სწორედ აქ იწყება ყველაზე სერიოზული წინააღმდეგობები. პირველ რიგში, ე.წ. „ბიზნესგეგმა“, რომელსაც ავტორი მთავარ მტკიცებულებად ასახელებს, საერთოდ არ ჰგავს დასრულებულ და შეთანხმებულ სამართლებრივ დოკუმენტს.
რეალურად, წარმოდგენილი მასალა არის Excel-ის ფორმატის სამუშაო ფაილი, დათარიღებული 2019 წლის 26 იანვრით. მისი სტრუქტურა აშკარად მიუთითებს, რომ ის შიდა სამუშაო დოკუმენტია, რომელიც სხვადასხვა ვერსიით არსებობდა და პროცესში მუდმივად იცვლებოდა. ფაილში ჩანს სხვადასხვა პროექტი, მათ შორის, წყნეთის კამპუსი, რომელთა ნაწილი შემდგომ ვერსიებში ქრება, ნაწილი ემატება. ასეთი ტიპის სამუშაო მასალის საბოლოო ხელშეკრულების ან თუნდაც მემორანდუმის დონეზე აყვანა და ამის საფუძველზე კატეგორიული სამართლებრივი დასკვნების გაკეთება, პირდაპირ რომ ითქვას, არასერიოზულია”, – ამბობს ცუცქირიძე და დასძენს, რომ სწორედ ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ მიწის „ნულოვანი ღირებულების“ თეზა არა შეთანხმებული პირობა, არამედ მოგვიანებით, ნათია ჯანაშიას მიერ სასამართლო დავისთვის პეციალურად მოგონილი და შერჩეული ინტერპრეტაციაა.
ცუცქირიძის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ 2019 წლის 6 მაისის მემორანდუმში, რომელსაც თავად ჯანაშია ციტირებს და რომელიც, მისივე მტკიცებით, გარიგების ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტია, მიწა საერთოდ არ არის ნახსენები.
“თუ მიწის ღირებულება მართლაც გარიგების საკვანძო ელემენტი იყო, ბუნებრივია, სწორედ მემორანდუმში უნდა ასახულიყო. დოკუმენტში კი ამ საკითხზე პირდაპირი ჩანაწერი არ არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი საბოლოო ხელშეკრულებაა. სწორედ ამ დოკუმენტში წერია, რომ იგი წარმოადგენს მხარეთა „ერთიან და საბოლოო შეთანხმებას“ და აუქმებს მანამდე არსებულ ყველა სხვა შეთანხმებას, გარდა 2019 წლის 6 მაისის მემორანდუმისა.
ამასთან, ხელშეკრულება პირდაპირ განმარტავს, რომ მემორანდუმი უნდა წაიკითხოს საბოლოო ხელშეკრულებასთან ერთად და სწორედ ამ შეთანხმების კონტექსტში.
სხვა სიტყვებით, თავად ხელშეკრულება გამორიცხავს მანამდე არსებული სამუშაო მასალების, მონახაზების თუ შიდა ფაილების დამოუკიდებელ სამართლებრივ ძალას. შესაბამისად, წარმოდგენილ Excel-ფაილზე დაყრდნობით ისეთი პირობების არსებობის მტკიცება, რომლებიც არც მემორანდუმში და არც საბოლოო ხელშეკრულებაში არ ფიქსირდება, თავად ხელშეკრულების ლოგიკას ეწინააღმდეგება”, – აცხადებს ცუცქირიძე.
ანალიტიკოსის განმარტებით, კვლავ თვალშისაცემია სამართლებრივი ინტერპრეტაციიდან პოლიტიკური და ემოციური დასკვნებისკენ გადასვლა. „მითვისება“, „მოტყუება“, „კარტ-ბლანში არ მიმიცია“ – ეს არის მხოლოდ შიშველი საჯარო რიტორიკა, რასაც საზოგადოება უკვე შეაჩვია ნათია ჯანაშიამ.
“გამოქვეყნებული დოკუმენტების წაკითხვის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სწორედ ამ დოკუმენტებში ჩანს ნათია ჯანაშიას არგუმენტაციის მთავარი სისუსტეები. კერძოდ ის, რომ მიწის „ნულოვანი ღირებულება“ არ ფიქსირდება მემორანდუმში, ე.წ. ბიზნესგეგმა კი უფრო სამუშაო ფაილია, ვიდრე შეთანხმებული დოკუმენტი. და ეს იმ ფონზე, როცა საბოლოო ხელშეკრულება თავად განსაზღვრავს და განმარტავს, რომ მხარეთა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველი მხოლოდ ის და მემორანდუმია.
შესაბამისად, კიდევ უფრო მყარდება ლოგიკური ეჭვი: თუ ნათია ჯანაშიას ვერსია, წარმოდგენილი დოკუმენტებით მართლაც ასე ცალსახად მტკიცდებოდა, მაშინ რატომ არ გახდა ეს დოკუმენტები საჯარო აქამდე”, – კითხულობს ანალიტიკოსი და საკუთარ მოსაზრებასაც იქვე გვთავაზობს:
“ვფიქრობ, მიზეზი ამ დოკუმენტების შინაარსშია – გამოქვეყნებული მასალებიდან არ იკითხება ის კატეგორიული დასკვნები, რომლებსაც ჯანაშია დაჟინებით სთავაზობს საზოგადოებას. უფრო პირიქით, – რაც უფრო ყურადღებით ეცნობი ამ მასალებს, მით უფრო აშკარა ხდება, რომ მათში არსებული ჩანაწერები ეწინააღმდეგება იმ ინტერპრეტაციებს, რაზეც საკუთრივ სტრატეგია აქვს აგებული ნათია ჯანაშიას.
შესაბამისად, ეს პუბლიკაცია უნდა განვიხილოთ, როგორც სუსტი პოზიციის როგორმე გამყარების მორიგი მცდელობა და სასამართლო დავაში მონაწილე მხარის ადვოკატური პოზიცია, ვიდრე სრულყოფილი ფაქტობრივი ანალიზი”, – აცხადებს ანალიტიკოსი.